მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ქცევა და დილემა შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს - თინათინ რუხაძე

თინათინ რუხაძე

„იმის უფრო მეშინია, რასაც წარმოვიდგენ - რა შეიძლება მივიღოთ თუ ჩვენს ევროპულ მომავალზე უარს ვიტყვით და ამის წარმოდგენა ისე მაშინებს, რომ მერე არაფერი აღარ მაშინებს" - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონზე“ საუბრისას საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინათინ რუხაძემ განაცხადა. მისთვის გაუგებარია, რატომ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლება.

„წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში, მან ისაუბრა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში კერძო სექტორის ქცევა-გადაწყვეტილებებზე, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნესმენების მხრიდან საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას, ისე ბიზნეს-გეგმების გადავადება-შეჩერების რისკებს.

„ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში - პოლიტიკური არასტაბილურობა, საგარეო კურსის გაურკვევლობა ანუ ხვალ სად ვიქნებით და რა იქნება არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ბიზნესების გრძელვადიან გეგმებზე გავლენას ახდენას... ამდენად, ახლა ყველა შეშფოთებული აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და რთულია გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რადგან არსებობს მოვლენების განვითარების სცენარი ა, სცენარი ბ, სცენარი გ და ა.შ. ამდენად, ჩვენი რეკომენდაციაა, იარონ, იმოქმედონ მოკლევადიანი გეგმებით“, - თქვა თინათინ რუხაძემ.

რას ნიშნავს კერძო ორგანიზაციის ლიდერებისთვის შიდა პოლიტიკური კრიზისი და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მას, ამ თემაზე ACT-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა linkedin-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც ისაუბრა.

„შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ისეთი განუვითარებელი დემოკრატიის პირობებში, რომელიც საქართველოშია, მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება, რა თქმა უნდა, რისკთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი კერძო კომპანიის ლიდერი აცნობიერებს ამ რისკს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესის ან შემოსავლების დაკარგვას უკავშირდება, არამედ ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებსა და უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ის ლიდერები, რომლებიც არ იზიარებენ მმართველი ძალის პოზიციას „უცხოური ძალის ზეგავლენების გამჭვირვალობის კანონის“ (იგივე რუსული კანონის) აუცილებლობისა და სიკეთის შესახებ, დიდი დილემის წინაშე დგება - თუ ხმას ამოიღებს და ღიად გააპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რისკის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარ, ისე მთელი ორგანიზაციის კეთილდღეობას. მეორე მხრივ, თუ ხმა არ ამოიღო ან მეტიც, მმართველი ძალის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა მისი რწმენის საპირისპიროდ, მაშინ ის, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემასა და თანამშრომელთა ნდობას კარგავს, საბოლოოდ კი ორგანიზაციას მორალურად ანგრევს.... ლიდერებისთვის რჩევის მიცემა რთულია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს, უნდა ეს თუ არა, ყველა ლიდერს მოუწევს ამ რთული არჩევანის გაკეთება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება“, - წერს თინათინ რუხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები