მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუმინეთს შორის კვირაში ერთი საბორნე რეისი შესრულდება

6490231c24a80
სალომე ხიდურელი
19.06.23 23:00
3661
ქართული კომპანია E60 Shipping Line 27 ივნისიდან რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, საბორნე მიმოსვლას იწყებს. კონსტანცასა და ფოთის ნავსადგურებს კომპანიის სწრაფმავალი ბორანი “Vilnius”-ი დააკავშირებს. ამის შესახებ „Forbes კვირას“ ეთერში შალვა წაქაძემ, E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე, რომელიც ევროპის რიგით მეორე ყველაზე გრძელი სატრანზიტო გზა E60-ის ნაწილია, საბორნე მიმოსვლის დაწყების მცდელობები წლების განმავლობაში იყო, თუმცა მარშრუტზე გემის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა.

„ეს არ მომხდარა გუშინ, გუშინწინ.. ეს იყო მრავალწლიანი დაკვირვების შედეგი, რამაც ამის გაკეთება გადაგვაწყვეტინა. აქამდე საერთოდ არ არსებობდა საბორნე მიმოსვლა ამ მარშრუტზე. მცდელობები იყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, ვერ გაამართლა, თუმცა ჩვენ ზუსტად ეს მიზეზები აღმოვფხვერით.

უკრაინასთან დაკავშირებულმა ბოლო მოვლენებმა ეს ხაზი ძალიან გაააქტიურა, იმიტომ, რომ ევროპიდან ტვირთნაკადი ძალიან გაიზარდა როგორც ამიერკავკასიის, ისე ცენტრალური აზიის მიმართულებით, რაც შუა დერეფნის ეფექტია, რა თქმა უნდა“, - ამბობს შალვა წაქაძე.

E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორის განმარტებით, აღნიშნული 190-მეტრიანი ბორანი სატვირთო-სამგზავრო ტიპისაა და მას სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც ექნება.

„ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და “Vilnius”-ი 15 გემიდან შევარჩიეთ, რაც პატარა პროცესი არ არის. ეს გათვლები მე და ჩემმა ეკონომიკურმა გუნდმა გავაკეთეთ, რომელი გემი უფრო მისაღები იქნებოდა ტევადობით, ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, სიჩქარით...“ - ამბობს შალვა წაქაძე.

ბორნის რეისების სიხშირე უკვე განსაზღვრულია. როგორც წაქაძე აღნიშნავს, თავდაპირველად კვირაში 1 რეისი შესრულდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია მარშრუტის შესასრულებელ დროს 48-დან 40 საათამდე შეამცირებს, რეისების რაოდენობაც გაიზრდება. E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორის თქმით, ამ პროცესს ქართულ ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ექნება, რადგან საქართველოში ტრანზიტი კიდევ უფრო გაიზრდება.

შალვა წაქაძის თქმით, ამ მარშრუტზე სატრანზიტო გემზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა და, შესაბამისად, ინტერესი როგორც ავტომზიდების, ისე ინდივიდუალური გადაზიდვების მიმართულებით უკვე ძალიან მაღალია.

ცნობისთვის, E60 Shipping Line ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანიაა. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები (Inex Group), ასევე, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები