მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუსეთ შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ - სახდეპი

63dcae9515503
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 11:01
1430
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-რუსეთის პირდაპირი ავიამიმოსთვის შესაძლო საკითხს აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენა სანქციების პირობებში საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში ამბობენ, რომ „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.

ცნობისთვის: საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი ბოლო პერიოდის განმავლობაში ოფიციალური მოსკოვის მხრიდან გააქტიურდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში რუსეთს დიდი წვლილი მიუძღოდა. სწორედ ამ დროს გამოხატა ლავროვმა ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის იმედი. ამ საკითხზე კომენტარი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ 19 იანვარს გააკეთა და თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება.

რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი კი აცხადებს, რომ მზად არიან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს, თუმცა ამისთვის საქართველოს თანხმობაა საჭირო. როგორც რუსული სააგენტო РБК-ს კარასინმა უთხრა, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება ორივე ქვეყანამ ერთობლივად უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები