საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - ამის შესახებ "ოცნების მთავრობაში" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება, მაშინ როდესაც საუკეთესო ევროპული მაჩვენებელი 2–3-ს შეადგენს. შედარებისთვის, ევროპის ყველაზე მაღალ ნიშნულზე მყოფ რუმინეთში ეს რიცხვი 7-ს არ აღემატება.
“გასულ 2024 წელს, ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 444 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა - 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი - 637 ერთეულით.
ასევე, გაზრდილია ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, არსებული სანქციები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 ადამიანი დაშავდა, 444 კი დაიღუპა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, დაშავებულია უკვე 6 041 მოქალაქე, გარდაცვლილია 345. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიკვდილიანობა 41 ერთეულით, ხოლო დაშავებულთა მაჩვენებელი 637 შემთხვევით არის გაზრდილი.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შს სამინისტრომ მოამზადა, მძღოლებისთვის ჯარიმებს ზრდის და პასუხისმგებლობას ამკაცრებს. ცვლილებები შემდეგნაირად გამოიყურება:
- მანევრირების წესების დარღვევა — ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე; ქულა მცირდება 20-ით.
- სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბება — სანქცია იზრდება 50-დან 100 ლარამდე.
- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა — ჯარიმა 50 ლარი; ქულიან სისტემაში მინუს 10 ქულა.
- მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა — ჯარიმა 50 ლარი.
- დგომა-გაჩერების წესების დარღვევა — რეგიონებში თბილისში მოქმედი პრინციპით 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდება (ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი და კურორტები).
- Bus Lane-ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა — ჯარიმა 200 ლარი.
- ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება — 100-ლარიანი ჯარიმა + შესაძლო ევაკუაცია დაცულ სადგომზე.
შსს-ის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებას და ავარიების რაოდენობის შემცირებას.




























