მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო სატრანზიტო ჰაბია. მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ ფუნქციის გასაძლიერებლად - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და მაქსიმუმი გაკეთდება ამ ფუნქციის გასაძლიერებლად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.

საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო 23 საუკუნისაა, ამ დროის განმავლობაში რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე უწევდა არსებობა.

„უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი. თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის.

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ყველა სახელმწიფო აქცენტს უნდა აკეთებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას.

ამჟამად, უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები