მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საუდის არაბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე მზაობას გამოთქვამს - მთავრობა

საუდის არაბეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე. განიხილეს, თუ რა მხრივ არის შესაძლებელი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საუდის არაბეთის სამეფოს, რათა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან ალ აშეიხი, საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ბადრ ალბადრი, ხოლო საქართველოს მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები