მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს. ამის შესახებ მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - "საქართველო ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას.

„რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნესოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში უმაღლეს მაჩვენებლებზეა გასული. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო პირველად იქნა აღიარებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოებული „მარეგულირებელი შეზღუდვების არმქონე ქვეყნების ინდექსში“, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და გამოირჩევა ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.

საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელის გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით. რომელიც ახლებურად ჩამოაყალიბებს ჩვენს ურბანულ ლანდშაფტს. ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას, და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხანგრძლივი მშვიდობისა და მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანა განვითარების სტაბილურ გზაზე წინ მიიწევს — ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას.

„2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დააფიქსირა, წლიური საშუალო 9.4%. საქართველო კვლავ ძლიერ ტრაექტორიაზე რჩება 2025 წელს, საშუალოვადიანი ზრდა იქნება 5.1% მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ესეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით.

ეს მაჩვენებელი ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ მართვასა და ყოვლისმომცველ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სტაბილურობას, ისევე კონკურენტუნარიანობას. ჩვენი რეფორმების გზა დისციპლინირებულ, პროგნოზირებად და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების უწყვეტობასა და ინვესტორების ნდობას. შედეგად, საქართველო კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები