"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ,“- დაწერა კობახიძემ X-ზე.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.




























