მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველო სომეხი ტურისტებისთვის სანუკვარი ადგილია“ - ფაშინიანი

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდება, რაც ორი ქვეყნის ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. ამის შესახებ მან თბილისში, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

ფაშინიანი საქართველოში ორმხრივი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.

სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორში არსებულ მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.

„სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აქტიური პოლიტიკური მეგობრობა პირდაპირ აისახება კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროებზე, რაც საბოლოოდ ხალხთაშორის ურთიერთობებს აძლიერებს.

ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები. ფაშინიანის თქმით, დისკუსიისას გამოიკვეთა ის სფეროები, სადაც თანამშრომლობის განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები