მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი|რატომ შეიქმნა BDO CCA და რა იცვლება ქართული ბიზნესებისთვის?|ინტერვიუ

ზურაბ ლალაზაშვილი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში BDO-ს აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, ახალი კომპანია BDO CCA, რომელიც საქართველოსთან ერთად, ხუთ ქვეყანას ფარავს, ფოკუსირებულია ბიზნესჯგუფებს ერთი ქვეყნიდან მეორეში შესვლაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა რეგიონული ფირმის მიზნებსა და გეგმებზე. „ჩვენი მიზანია, მათ სწორად დაიწყონ ბიზნესი, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები და სწორად დაგეგმონ იურიდიული თუ საგადასახადო სტრუქტურა“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი. BDO CCA-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, სომხეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ერთიანი ფირმით მუშაობა BDO-ს სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც პასუხობს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნას რეგიონულ ინტეგრაციაზე და ასევე, მიზნად ისახავს შეზღუდული რესურსების ოპტიმიზაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მიუხედავად რეგიონულ ბაზრებს შორის არსებული განსხვავებებისა, BDO-ს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს მომდევნო ხუთ წელიწადში თითოეული ქვეყნის ოფისის გაძლიერებას და მათ ლიდერ პოზიციებზე დამკვიდრებას.

ინტერვიუ ზურაბ ლალაზაშვილთან

- რატომ გადაწყდა ერთიანი ფირმის შექმნა - ეს იყო BDO-ს გლობალური ოფისის დაკვეთა თუ თქვენი გუნდის [BDO-ის ქართული ოფისის] ინიციატივაც, რომ თბილისიდან გემართათ დანარჩენი ქვეყნები?

- რეგიონულ ჭრილში დაჯგუფება, პრინციპში, ახალი ტრენდი არ არის. უკვე წლებია, სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიისთვის აპრობირებული პრაქტიკაა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა - მაგალითად, ჩვენი დამკვეთები შემოდიან - ისინი რეგიონს უფრო საინტერესოდ აღიქვამენ, ვიდრე მხოლოდ ერთ ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ ჩვენს დამკვეთებს. მეორე მხრივ, ძალიან გამკაცრდა მოთხოვნები აუდიტორული კომპანიების მიმართ, ვინაიდან გლობალური მარეგულირებლები (და მათ შორის ჩვენთან, საქართველოშიც) უფრო და უფრო მეტს მოითხოვენ ჩვენგან. ეს ნიშნავს, რომ მეტი ინვესტირება გვჭირდება ხარისხის ნაწილში, ტექნოლოგიებში, სპეციალისტებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რადგან ეს რესურსები ყველგან შეზღუდულია (და ეს მხოლოდ საქართველოს თემა არ არის), ჩვენი გაერთიანება პასუხობს სწორედ იმას, რომ ამ რესურსებში ერთიანად ჩადებული ინვესტიცია გაცილებით ეფექტური იყოს და ჩვენს დამკვეთებსაც უკეთ მოვემსახუროთ. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება: ერთი - ბაზრიდან გამომდინარე, მეორე - რესურსებიდან გამომდინარე. მსგავსი ტრენდი სხვადასხვა რეგიონში უკვე წლებია მიმდინარეობს და BDO-საც ასეთი სტრატეგია და ხედვა რამდენიმე წელია აქვს. ბოლო წლებში ამაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტის გაკეთება კიდევ უფრო გახშირდა. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩვენი კოლეგები როგორ წარმატებულად ახორციელებენ ე.წ. კლასტერიზაციას თუ დაჯგუფებას. ეს სხვადასხვა ფორმით ხდება: ზოგ შემთხვევაში იურიდიული ინტეგრაციით, ზოგჯერ კი - ცალკეული კომპანიების გაერთიანებით საერთო მიზნების ირგვლივ. დაახლოებით, წელიწად-ნახევარი ან ორი წელია, რაც ცენტრალურ ოფისთან ერთად ამ პროექტზე ვმუშაობთ. ვფიქრობდით, რა ფორმით გაგვეკეთებინა, რადგან ეს არ არის პროცესი, რომელიც დღეს მოიფიქრებ, ხვალ განახორციელებ და ყველაფერი წარმატებულად წავა. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ ყველაზე სწორი ფორმა იურიდიული გაერთიანება იქნებოდა, რათა ერთიანი ფირმა ჩამოყალიბებულიყო. ასე უკეთ შევძლებდით იმ გამოწვევებზე პასუხს, რაც ჩვენ წინაშე დგას რეგიონში. სხვათა შორის, ეს დაემთხვა იმასაც, რომ ჩვენმა რეგიონმა - კავკასიამ და ცენტრალურმა აზიამ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა და მასზე მეტი აქცენტი კეთდება. ამიტომ, ძალიან კარგი თანხვედრა იყო ჩვენს გადაწყვეტილებასა და რეგიონის ფორმირებას შორის.

- რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ და ახლაც, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ხშირად ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე. რამდენად არის BDO-ს რეგიონული გაფართოება პასუხი ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და საინტერესოა, ხედავთ თუ არა უკვე, კაპიტალისა და ბიზნესინტერესების რეალურ მიგრაციას ამ ხუთ ქვეყანას შორის?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენი ინტეგრაცია და გადაწყვეტილება შეიძლება ახალია, მაგრამ ამ თემებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. რასაც ვაკვირდებით, ძალიან საინტერესოა: ქართულმა კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი ქვეყნიდან გასვლაზე, პირველ რიგში - რეგიონის ჭრილში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც „თიბისი ბანკმა“ წარმატებით განახორციელა ოპერაციები უზბეკეთში და „საქართველოს ბანკის ჯგუფმა“ სომხეთში იყიდა მსხვილი, ლიდერი კომპანია „ამერიაბანკი“. აქედან გამომდინარე, ბევრმა ბიზნესმენმა სხვა კუთხით შეხედა ჩვენს რეგიონს - დაინახეს, რომ შესაძლებელია საქართველოდან გაფართოება იქით, და პირიქითაც. ამიტომ, ბაზრისა და შესაძლებლობების მოსინჯვა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომმა ხელი შეუწყო იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მეტი კონცენტრაცია გაკეთდა შუა დერეფანზე. ამავდროულად, მთავარია ენერგორესურსების გატარება და ჩვენი რეგიონის მეშვეობით ჩინეთთან დაკავშირება, იქნება ეს ტვირთბრუნვა თუ სხვა რესურსები.

- ომმა შუა დერეფანს იძულებითი მიმზიდველობა აშკარად მოუტანა...

- დიახ, შუა დერეფანმა სხვანაირი დატვირთვა შესძინა... ამას დაემთხვა ისიც, რომ უზბეკეთმა უფრო ადრე დაიწყო ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელება, რათა უფრო გახსნილი ყოფილიყო უცხოური კაპიტალის მიმართ. იქ ძალიან საინტერესო ტენდენციები მიმდინარეობს. ამიტომ, არ ვიტყვი, რომ გაერთიანება მხოლოდ ამის გამო გავაკეთეთ, უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი გადაწყვეტილება და რეგიონის ასეთი ტრანსფორმაცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თავის დროზე სწორად დავიწყეთ ფიქრი ამ საკითხებზე. ეს პანდემიის შემდგომი პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, მაშინ ომიც კი არ იყო დაწყებული.

- თქვენ ახსენეთ კომპანიები, მათ შორის ქართული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ გაცდნენ საქართველოს საზღვრებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ტენდენცია ხშირად გვესმის ბიზნესებისგან... რას ცვლის BDO-ს ყოფნა ამ ქვეყნებში, პირველ რიგში, ქართული ბიზნესებისთვის?

- ეს ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რადგან ბევრ კომპანიას ვიცნობთ, ზოგს კი მოგვიანებით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ უკვე შესულია და ცდილობს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ერთიანი ფირმის ფორმატით წარმოდგენა?! იმიტომ, რომ მიუხედავად ბაზრის დიდი მიმზიდველობისა, აუცილებელია იცოდე, როგორ აკეთო იქ ბიზნესი, როგორ მოძებნო სწორი პარტნიორი და დაალაგო ურთიერთობები. ბაზრები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენს რეგიონში სულ რვა ქვეყანაა და რვავე განსხვავებულია: რეგულაციები, მიდგომები და მომხმარებლის ქცევაც კი არ არის იდენტური, თუმცა ვფიქრობ, გახსნილობის, ხალხისა და კაპიტალის მოძრაობის ზრდასთან ერთად, დაახლოებით, 10 წლის პერსპექტივაში ბიზნესგარემო და კლიმატი უფრო ერთგვაროვანი გახდება. დღეს ჩვენ სწორედ იმაზე ვართ ფოკუსირებული, რომ დავეხმაროთ კომპანიებს ერთი ქვეყნიდან მეორეში შესვლაში. ეს მხოლოდ ქართული კომპანიების სხვაგან გასვლას არ ეხება, პროცესი პირიქითაც მუშაობს. ჩვენი მიზანია, მათ სწორად დაიწყონ ბიზნესი, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები და სწორად დაგეგმონ იურიდიული თუ საგადასახადო სტრუქტურა. ამ ქვეყნებში კანონმდებლობა და რეგულაციები ძალიან განსხვავდება საქართველოსგან. საქართველო ბოლო წლებში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა თუ სხვა რეგულაციების ფონზე, უფრო დასავლური ტიპის ბიზნესის კეთებაზე, გამჭვირვალობასა და აღრიცხვაზე ორიენტირდა. ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი ასეთ დონეზე ჯერ არ არის, თუმცა ბევრ რეფორმას გეგმავენ, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა და მხარდაჭერა დაეხმარება მათ ბიზნესხედვების გაცილებით ეფექტურად განხორციელებაში.

- საინტერესოა თქვენი დაკვირვება - საქართველოში აუდიტი უკვე ერთგვარი ჰიგიენური ნორმაა... რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- დავიწყოთ აუდიტის რეგულაციით. საქართველო ყველაზე წინ არის იმ კუთხით, რომ აქ არის მოთხოვნა არა მხოლოდ აუდიტზე, არამედ გამჭვირვალობასა და ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო გამოქვეყნებაზეც. ასევე, გვყავს რეგულატორი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს აუდიტორულ კომპანიებს და ანიჭებს მათ შესაბამის უფლებამოსილებას. მსგავსი სისტემა სხვა ქვეყნებში ჯერ არ არსებობს, თუმცა ვვარაუდობ, რომ სადღაც ხუთი წლის პერსპექტივაში ეს აუცილებლობა დადგება. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც იზრდება მოთხოვნა უცხოურ კაპიტალზე და ინვესტორებისთვის საჭირო ხდება კომპანიების იოლი შეფასება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით სომხეთი ყველაზე ახლოსაა, უზბეკეთში კი ახლა მიმდინარეობს მუშაობა აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების რეფორმებზე. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ამაზე ყურადღება შედარებით ნაკლებადაა გამახვილებული, თუმცა იქაც ფიქრობენ ამ თემებზე. ჩვენ ამჟამად აქტიური ოპერაცია გვაქვს უზბეკეთში, სადაც კომპანია უკვე დავაფუძნეთ. შემდეგი ეტაპია ტაჯიკეთი, რასაც მალე საჯაროდ გამოვაცხადებთ, შემდეგ კი - ყირგიზეთი. არ გვინდოდა ყველა ქვეყანაში ერთდროულად შესვლა პროცესის სირთულის გამო. რაც შეეხება სერვისებს, აუდიტი ყველგან მოთხოვნადია. მაგალითად, უზბეკეთში, რადგან ქვეყანას სჭირდება დასავლური კაპიტალი, სერიოზული ინვესტორი აუდიტის გარეშე ინვესტირებას ან სესხის გაცემას არ გადაწყვეტს. ასევე, ძალიან აქტიურია მუშაობა კაპიტალის მოზიდვაზე, დასავლურ ბაზრებზე ბონდების განთავსებაზე, მიმდინარეობს პრივატიზება და მსხვილი კომპანიების რეორგანიზაცია-გაჯანსაღება. ეს ყველაფერი რეფორმების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. სხვა ქვეყნებშიც აუდიტი წამყვანია, თუმცა არის საკონსულტაციო მომსახურების საჭიროებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების BDO-ს დამკვეთები შემოდიან ამ რეგიონში და მხარდაჭერა სჭირდებათ.

- BDO-სთვის რამდენად დიდი გამოწვევაა ამ ქვეყნებში თავის დამკვიდრება და როგორც რეგიონული მენეჯერი, რა გამოწვევებს აწყდებით?

- ჩემი ძირითადი სამუშაო ლოკაცია თბილისია, თუმცა მოძრაობა ხშირად მიწევს. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მთლიანი კონსოლიდირებული შემოსავლით. ასეთი მიღწევა სხვა ქვეყნებში რეალისტურ პერსპექტივაში შეიძლება გაჭირდეს, თუმცა ამბიცია გვაქვს. სომხეთში საკმაოდ მსხვილი კომპანია გვყავს [პარტნიორის სახით], რომელიც დიდი ხანია არსებობს და ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. უფრო დიდი გამოწვევა იქნება იმ ქვეყნებში, სადაც BDO აქამდე არ იყო - უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. იქ ბაზარი უკვე დამკვიდრებულია, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ბიზნესი კარგად იცნობს, თუმცა ჩვენ გამოწვევების არ გვეშინია, დიდი გეგმები და ამბიციები გვაქვს. ვფიქრობ, ხუთი წლის პერსპექტივაში ყველა იმ ბაზარზე, სადაც ვოპერირებთ, სულ სხვა პოზიციაზე ვიქნებით. ჩემთვის მთავარია, თითოეულ ბაზარზე BDO იყოს ძლიერი, რათა შევძლოთ ერთობლივი პროექტების განხორციელება და რესურსების გაზიარება. თუ ადგილობრივი ოფისი სუსტი იქნება, საერთო პროექტებში ჩართულობა შეუძლებელი გახდება. ამიტომ, ჯერ გაძლიერებაზე ვართ ორიენტირებული, შემდეგ კი უფრო მაღალ ამბიციებსა და ნიშნულებზე ვიფიქრებთ...

- რაც უფრო ახლოს გაიცანით სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებს, არის მათ საინვესტიციო კლიმატსა თუ ეკონომიკურ პოლიტიკაში რაიმე ისეთი რეფორმა ან ტენდენცია, რასაც ისურვებდით, რომ საქართველოშიც იყოს, თუ ჯერ მაინც მათზე წინ ვართ?

- რეფორმების კუთხით, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება ისეთი რამ, რაც ჩვენზე წინ იყოს და გადმოღება ღირდეს. უბრალოდ, აქ მთავარი ბაზრის ზომა და პოტენციალია. მაგალითად, უზბეკეთის მასშტაბი (მოსახლეობა, ტერიტორია) გადამწყვეტია ინვესტორისთვის. ამავდროულად, უზბეკეთში სახელმწიფო საკუთრებაში ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელთა პრივატიზებაც ეკონომიკას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს. რაც შეეხება სომხეთს, სტრუქტურულად ის დიდად არ განსხვავდება საქართველოსგან - მათი ეკონომიკები უფრო ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები