მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირგიზეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი

კონტეინერი

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტმა 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რამდენიმე ძირითად ბაზარზე მოდის, მათ შორის ლიდერ პოზიციებს ყირგიზეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი ინარჩუნებენ.

უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორად იანვარ-მაისში ყირგიზეთი დარჩა, სადაც საქართველოდან ექსპორტმა 355.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა 327.5 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი 269.3 მილიონი დოლარის ექსპორტით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სომხეთი და რუსეთი, სადაც ექსპორტმა, შესაბამისად, 255.4 მილიონი და 248.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი წლიურად 145.7%-ით გაიზარდა. ამ ბაზარზე ექსპორტის ძირითად ნაწილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე სპილენძის მადნები და კონცენტრატები შეადგენდა. ზრდის ძირითადი ნაწილი სწორედ ჩინეთში ნავთობპროდუქტების $62-მილიონიან ექსპორტს უკავშირდება.

რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ძირითად სასაქონლო ჯგუფებს ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და მინერალური წყლები წარმოადგენდა. რუსეთში ექსპორტის მოცულობა 248.8 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია.

უმსხვილეს საექსპორტო ათეულში ასევე შედიან თურქეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი, ტოგო და შვეიცარია. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, თუმცა ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდამაც შეიტანა.

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრები:

# ქვეყანა ექსპორტი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $355 მილიონი დოლარი; -37%
2 ჩინეთი $328 მილიონი დოლარი; 146%
3 აზერბაიჯანი $269 მილიონი დოლარი; -5%
4 სომხეთი $255 მილიონი დოლარი; 29%
5 რუსეთი $249 მილიონი დოლარი; 1%
6 თურქეთი $225 მილიონი დოლარი; 66%
7 ყაზახეთი $218 მილიონი დოლარი; -34%
8 ბულგარეთი $120 მილიონი დოლარი; 49%
9 ტოგო $97 მილიონი დოლარი; ტოგო ათეულში პირველად მოხვდა ნავთობის ექსპორტის გამო, მასში წარსულში ექსპორტი $0 იყო.
10 შვეიცარია $67 მილიონი დოლარი; 46%
11 დანარჩენი ქვეყნები – სულ $924 მილიონი დოლარი. 61%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები