მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის გამოწვევების აღმოფხვრაა საჭირო - სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

საქართველო

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის გარკვეული გამოწვევების აღმოფხვრაა საჭირო. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, თუმცა აუცილებელია ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრა, რომელიც სავაჭრო ბრუნვას ანელებს, საბაჟო პროცედურები უნდა გამარტივდეს და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო უნდა დასტიმულირდეს. აუცილებლად მიგვაჩნია რომ ადრეული გამოვლენისა და პრობლემების აღმოფხვრისთვის, რაც სავაჭრო ბრუნვას უშლის ხელს, ერთობლივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შემდეგში ამაზე დრო არ დაიხარჯოს“, - განაცხადა მან.

სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიური ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვით, ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნესთან მჭიდრო დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან „თანამშრომლობა კომპლექსურია და მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში“. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საუბარი შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 5.6%-ით 62 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, კი საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით მცირედ გაიზარდა და 167 მილიონ 657 ათასი დოლარი შეადგინა.

3 თვის ჭრილში 2023 წლის შემდეგ ბრუნვის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირებულია. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 3%-იანი წილით მეათე ადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. ეს კი ბოლო წლებში საქართველოდან სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული.

თუმცა იანვარ-მარტში სომხეთში საქონლის ექსპორტი 10.2%-ით 113 მილიონ 789 ათასი დოლარამდე შემცირდა. ექსპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში კი სომხეთმა 8.1%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა. კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებაა, რაც ფაქტობრივად 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით განახევრებულია.

ექსპორტის კლების საპირისპიროდ, იანვარ-მარტში სომხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი 39.7%-ით 53 მილიონ 867 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტის ზრდით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები