საქართველოს მთავრობა სომხეთის დამაკავშირებელი სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. 29.3-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ღირებულება 107 მილიონი ევრო, ანუ 115 მილიონი დოლარია, საიდანაც 87 მილიონი ევროს დაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გამოყოფს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი 4 მილიონი ევროს ოდენობით, რათა შეარჩიოს ზედამხედველი კომპანია, რომელიც საინჟინრო სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს. სავარაუდოდ, აღნიშნული კომპანიის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები გზის სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევად.
აღნიშნული გზა ორ ლოტად არის დაყოფილი, მათ შორის პირველი ლოტია ალგეთი-არაფლოს 13-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი, ხოლო მეორე არაფლო-სადახლის (სომხეთისსაზღვარი) 16.3-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი.
ახალი გზა პროექტის თანახმად, მეტწილად არსებული გზის პარალელურად გაივლის.
გზის მშენებლობის დაფინანსების შესახებ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის შეთანხმება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში თავად EIB-მა გამოაქვეყნა აღნიშნული მაგისტრალის გარემოზე ზემოქმედების ზეგავლენისა და სოციალური ზემოქმედების შესახებ ანგარიშები.