სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ქვეყნებს შორის 2019 წელს დაგეგმილი მიზნის - სავაჭრო ბრუნვის 1 მლრდ დოლარამდე ზრდის განახლებას მოიცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. 2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდ-პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევად ყველა მიმართულებით მუშაობა და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე.
მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის: ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-სომხეთს შორის 2019 წლის სავაჭრო ბრუნვა 700.2 მლნ დოლარი, 2020 წლის - 609.9 მლნ დოლარი, ხოლო მიმდინარე წლის 11 თვის სავაჭრო ბრუნვა 611.7 მლნ დოლარი იყო.




























