მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ტექნოლოგიური განვითარების გლობალურ ტენდენციას სათანადო პასუხს ვერ სცემს - ბექა ლილუაშვილი

საქართველოსთვის

“სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს ამოწურვადი ინვენტარიზაცია, თუ რა ეკონომიკური აქტივისა და რესურსების მფლობელია, მაგალითად, მუნიციპალიტეტი”, - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში პარლამენტარი ბექა ლილუაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის სახელმწიფო წარსულ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს.

“ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რესურსებისა და ქონების მფლობელია სახელმწიფო, თუმცა ვიცით, რა გამოცდილება გვაქვს და რა გამოცდილებას მოუტანია შედეგი ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, სიღარიბის დაძლევისთვის, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდისთვის…

მაგალითად, ვიცით, რომ, მოგვწონს ეს თუ არა, ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სექტორია. ვიცით, რომ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენი საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია, ან უნდა იყოს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გვაქვს ის გამოცდილებაც, რომ ქვეყანაში არსებითი ბუნებრივი რესურსი, რომლის უტილიზაციაც შეგვიძლია, არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია მოვახდინოთ ადამიანური კაპიტალის ექსპორტი და გვაქვს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ლოკაცია. შეიძლება, სრულად ვერ ვაფასებდეთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რა შეიძლება იყოს ეფექტიანი”, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ასევე აღნიშნავს, რომ დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებაც საჭიროა.

“გასათვალისწინებელია გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, თუ საით ვითარდება საერთაშორისო ეკონომიკა და რა მზაობით ხვდება მას საქართველო. დღეს ვიტყოდი, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვხვდებით.

ტექნოლოგიური განვითარების გლობალურ ტრენდს, ჩემი აზრით, სათანადო პასუხს ვერ ვცემთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ცადა პროგრამული ინჟინერიის წახალისება ქვეყანაში, ვერ მოხერხდა მკაფიო საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუ როგორ განავითარებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სფეროს”, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები