მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უდიდესი კულტურის ტურისტული ქვეყანაა, პირდაპირი ფრენებია საჭირო - იაპონიის ელჩი

639d7f62c4255
მარიამ დემეტრაშვილი
17.12.22 23:00
2334
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ.

„ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველაფერი აქვს და უფრო მეტიც. ამიტომაც ისინი მზად არიან, დახარჯონ ფული. ამ კუთხით უზარმაზარი პოტენციალია. მაგალითად, მე ვეწვიე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძვ.წ. 2 000 წლის წინანდელი ოქროს ყელსაბამი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა იაპონელი ტურისტებისთვის. ძვ.წ. 2 000 წელი ის პერიოდია, როდესაც იაპონელები უბრალოდ ნადირობდნენ. მაშინ მათ მეტალი არც ჰქონდათ. საქართველო უდიდესი კულტურის ქვეყანაა, რომლის აღმოჩენაც შეგვიძლია და იაპონელებმა ბევრი არაფერი იციან ამის შესახებ. ასევე, ქართული მონასტრების ულამაზესი ფრესკები, ნახატები, რომლებიც ასევე კვლავ უცნობია იაპონელებისთვის. ამას ემატება შესანიშნავი პოლიფონიური მუსიკა. ასე რომ, ეს ის გამოცდილებებია, რომლისთვისაც იაპონელ ტურისტს აქ დროის გატარება შეუძლია“, - თქვა იმამურა აკირამ.

ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ტურიზმის განსავითარებლად პირდაპირი ფრენებია საჭირო.

„ჩვენ გვჭირდება პირდაპირი ფრენები, თუმცა, პირველი ნაბიჯის სახით, შესაძლოა, ჩვენ იაპონელი ტურისტები ჩამოვიყვანოთ ჩარტერული რეისებით. მეორე წინადადება, რაც მექნებოდა არის ის, რომ ალბათ, თქვენს ტურიზმის სააგენტოს შეუძლია, მოიწვიოს იაპონური ტუროპერატორები. ჩამოვიდნენ აქ, გამოსცადონ აქაური ტურიზმი, შემდეგ ჩაიტანონ ეს გამოცდილება იაპონიაში და დაგეგმონ ტურები“, - თქვა იაპონიის ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები