2019-2024 წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებში ინდოეთის მოქალაქეები დომინირებდნენ. ამ პერიოდში საერთაშორისო სტუდენტების ჯამური რაოდენობა 31 ათასს აჭარბებდა, საიდანაც ინდოელი სტუდენტების რიცხვი 60%-ს აღემატებოდა. ინდოეთის მოქალაქეებთან ერთად საქართველოში სამედიცინო პროგრამებზე სწავლობენ ეგვიპტის, ისრაელის, ირანის, ქუვეითის, პაკისტანის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლება ხასიათდება უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობით, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში (ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით). როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, საქართველოში სამედიცინო განათლების სექტორი ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება. საქართველო პოპულარული დანიშნულების ადგილია საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტების (ძირითადად მედიცინის) სტუდენტებისთვის. ქვეყანაში სამედიცინო სწავლებას ჯამში 25 საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს და ისინი სტუდენტებს ინგლისურენოვან პროგრამებსაც სთავაზობენ. მაშინ როცა სომხეთში მხოლოდ 8 სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას აქვს ინგლისურენოვანი პროგრამები, მოლდოვაში კი ერთს.
როგორც WHO-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო განათლების სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო სამ წელში ნახტომისებურად გაიზარდა მედიცინის პროგრამების უცხოელი სტუდენტების რიცხვი. ბაკალავრიატის სამედიცინო განათლება ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ქვესექტორად იქცა და საერთაშორისო სტუდენტები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა.
იმ დროს როცა საქართველოს რეზიდენტი სტუდენტების რიცხვი სტაბილურია, 2022 წელს საერთაშორისო სტუდენტების მიღება (9964-მდე გაიზარდა სამედიცინო სტუდენტების რიცხვი) გაორმაგდა, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო უკრაინიდან უცხოელი სტუდენტების გადმოსვლით. ჯამში ჯანდაცვის პროგრამებზე ჩარიცხვის საერთო რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2015 წელს არსებული 1186-დან 2024 წელს 12 123-მდე, რაც 922%-იან ზრდას წარმოადგენს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაში ძირითადად ჩართულები არიან შუამავალი კომპანიები. უცხოელ სტუდენტებს საქართველოში იზიდავთ მარტივი სარეგისტრაციო მოთხოვნები და მისაღებ პროცესში კონკურენციის ფაქტობრივად არარსებობა. ასევე შედარებით დაბალი სწავლის საფასური (წელიწადში 6000–10 000 დოლარი), სტუდენტური ვიზების მიღების შედარებითი სიმარტივე და ქვეყანაში უსაფრთხოების დონე.




























