"საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას შეუერთდა და დაიცვა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
დიდი ბრიტანეთისა და გუშინ უკვე აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის დააასანქცირა.
ბერეკაშვილმა კითხვაზე, გავრცელდება თუ არა სანქციები ქართულ შვილობილზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რა ტიპის სანქციები გავრცელდა ნავთობკომპანიაზე, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს.
"მაგაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, პოზიციას ვერ გეტყვით. ინფორმაცია მაქვს, რაც ღია წყაროებიდან არის ცნობილი. როგორი ტიპის სანქციებია, ამას აქვს მნიშვნელობა. საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას შეუერთდა და დაიცვა, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც სანქციას არ შეეხებოდა, ჩვენ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯები გადავდგით და გავაკეთეთ ის, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის იყო მნიშვნელოვანი", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
22 ოქტომბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. ასეთია ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც "ლუკოილ ჯორჯიას" 100%-ის მფლობელია. შესაბამისად, ფინანსური სანქციები, სავარაუდოდ, კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.
BMG-იმ სანქციებთან დაკავშირებით კითხვებით "ლუკოილ საქართველოსაც" მიმართა, თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით პასუხისგან თავს იკავებენ.




























