საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევრაზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გახდეს, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა Forbes Georgia-სა და Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის თქმით, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს საავტომობილო გზების, რკინიგზის, გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ბოლო წლებში დიდ სამშენებლო პროექტებზე ტენდერებს ერთმანეთის მიყოლებით აცხადებს.
„ჩინურ კომპანიებს ამ სფეროში ტექნიკისა და ღირებულების მხრივ კონკურენტული უპირატესობა აქვთ, ბევრმა მათგანმა მოიგო ტენდერი და ქართულ ბაზარზე შემოვიდა. ამჟამად, ჩინური კაპიტალით დაარსებული 20-მდე კომპანია მეტწილად ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ინვესტიციების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რაც უცხოელ და, მათ შორის, ჩინელ ინვესტორებს იზიდავს.
„საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია სავაჭრო რეჟიმისა და საგადასახადო სისტემის კუთხით, ეკონომიკური ლიბერალიზაციის დონით, ხოლო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო რეიტინგებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ, მარკეტიზაციის პრინციპის შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია საქართველოსთან საინვესტიციო, სამშენებლო, სავაჭრო და სხვა სფეროებში თანამშრომლობს, აფართოებს ორმხრივი თანამშრომლობის არეალს და ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის რეალურ სიკეთეს ქმნის“, - დასძინა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.