2024 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 1.09 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 17%-ით, რაოდენობრივად კი 15%-ით მეტია.
2024 წელს საქართველომ რუსეთიდან $438 მილიონი დოლარის ღირებულების 581 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად 13%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, შემცირების მიზეზი თავად რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ზაფხულის თვეებში მოხსნილი იყო, თუმცა 1 სექტემბრიდან კვლავ ძალაში შევიდა და ის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, რაც თავად რუსეთში ბენზინის დეფიციტით არის განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართულმა კომპანიებმა გაზარდეს ბენზინის იმპორტი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან.
ქვეყანა | იმპორტი თანხობრივად 2024 წლის 10 თვეში | იმპორტის მოცულობა - ტონა | ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
რუსეთი | $438 მლნ; | 581,468 ტონა; | -13% |
ბულგარეთი | $135 მლნ; | 155,510 ტონა; | 229% |
რუმინეთი | $134 მლნ; | 163,084 ტონა; | -1% |
აზერბაიჯანი | $76 მლნ; | 95,732 ტონა; | 11% |
თურქეთი | $59 მლნ; | 55,904 ტონა; | 108% |
საქსტატის თანახმად, საქართველომ წელს შესყიდული ნავთობის ნაწილი ექსპორტზე გაიტანა, კერძოდ ექსპორტმა $72 მილიონ დოლარს და 108 ათას ტონას მიაღწია. თანხობრივად ექსპორტი 46%-ით, რაოდენობრივად კი 87%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის პირველ 10 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი - $24 მილიონი დოლარის 50 ათასი ტონა ნავთობი ექსპორტზე ნიდერლანდებში გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობის ექსპორტი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, წელს ზრდა ძირითადად ნიდერლანდების მიმართულებით ნედლი ნავთობის ექსპორტირებას/რეექსპორტირებას უკავშირდება.