მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან EU-ში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ექსპორტი საქართველოდან

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 390.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფო შედის. საპირისპიროდ, დსთ-ში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმსხვილეს საექსპორტო სამეულს კი ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამურმა წილმა ექსპორტში 8.2% შეადგინა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2013-2020 წლებში ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა, 2020 წლიდან მოყოლებული კი კლება ფიქსირდება და 2023 წელს 11.6%-მდე შემცირდა.

უფრო დეტალურად, ბოლო 5 წელში, EU-ში ექსპორტი და მთლიან ექსპორტში წილი შემდეგია:

  • 2020 წელი - $717.2 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 21.5%;
  • 2021 წელი - $717.1 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 16.9%;
  • 2022 წელი - $862.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 15.5%;
  • 2023 წელი - $704.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 11.6%;
  • 2024 წელი (9 თვე) - $390.3 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 8.2%.

საპირისპიროდ, მზარდია ექსპორტი დსთ-ში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში ექსპორტმა 3.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამასთან, 2023 წლის რეკორდული მაჩვენებლის გარდა, დსთ-ში ყველა სხვა წლის ჯამურ ექსპორტს აღემატება.

მზარდია დსთ-ს ქვეყნების წილიც მთლიან ექსპორტში. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ჯამურ ექსპორტში დსთ-ს ქვეყნებს 69.4%-იანი წილი ჰქონდათ. 2020-2022 წლებში მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლები იყო, ხოლო 2023 წელს 66%-მდე გაიზარდა.

დსთ-ში ექსპორტის გასული 5 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2020 წელი - $1.5 მლრდ/წილი მთლიან ექსპორტში 21.5%;
  • 2021 წელი - $2 მლრდ/წილი მთლიან ექსპორტში 47.6%;
  • 2022 წელი - $2.7 მლრდ/წილი მთლიან ექსპორტში 48.1%;
  • 2023 წელი - $4 მლრდ/წილი მთლიან ექსპორტში 66%;
  • 2024 წელი (9 თვე) - $3.3 მლრდ/წილი მთლიან ექსპორტში 69.4%.

EU-სთან სავაჭრო ბრუნვა $3.6 მილიარდია - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები