მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა - რა ვყიდით და ვყიდულობთ?

ექსპორტი

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 21 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12,8 მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი - 18,8 მლნ აშშ დოლარი.

ინდოეთთან ვაჭრობაში იმპორტს გაცილებით დიდი წილი აქვს, ვიდრე ექსპორტს, თუმცა წელს, ორი თვის მონაცემებით, ორივე მაჩვენებელმა ზრდა აჩვენა. მათ შორის, ექსპორტი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 2025 წლის იანვარ-თებერვალში 4,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 917 480 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კიდევ უფრო ნაკლები - 529 590 აშშ დოლარი. მთავარი საექსპორტო საქონელი სასუქებია. ექსპორტში ზრდა მეტწილად ამონიუმის ნიტრატების და თამბაქოს ექსპორტის მაჩვენებლების მატებას უკავშირდება.

TOP-5 საექსპორტო საქონელი ინდოეთში (2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები):

  1. სასუქები - 3,8 მლნ აშშ დოლარი
  2. ბირთვული რეაქტორები, დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები - 224 090 აშშ დოლარი
  3. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 139 140 აშშ დოლარი
  4. ალუმინი და მისი ნაწარმი - 31 600 აშშ დოლარი
  5. ოპტიკური, ფოტოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, სამედიცინო ინსტრუმენტები და აპარატები - 27 970 აშშ დოლარი

გაიზარდა იმპორტიც, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 16,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი 11,8 მლნ აშშ დოლარი. მთავარი საიმპორტო საქონელი ფარმაცევტული პროდუქციაა.

TOP-5 საიმპორტო საქონელი ინდოეთიდან (2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები):

  1. ფარმაცევტული პროდუქცია - 4,2 მლნ აშშ დოლარი
  2. ბირთვული რეაქტორები, დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები - 3,2 მლნ აშშ დოლარი
  3. მარცვლოვანები - 1,49 მლნ აშშ დოლარი
  4. ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები და საკუთნოები - 1,48 მლნ აშშ დოლარი
  5. ოპტიკური, ფოტოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, სამედიცინო ინსტრუმენტები და აპარატები - 714 300 აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამ დრომდე არ აქვს, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევაც და ანონსდებოდა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2020 წელს დაიწყებოდა. მაშინ პროცესი გაჭიანურდა, რის მიზეზადაც კოვიდ პანდემია დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები