საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 712.9%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით ხუთ თვეში ქვეყანამ 352.2 მლნ. აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების ნავთობის და ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე. ამ შედეგით სწორედ ეს კატეგორია იკავებს ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) პირველ პოზიციას. ჯამურად კი ქვეყნიდან 366.6 მლნ დოლარის 534 385.5 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე (რეექსპორტის ჩათვლით).
ნავთობის და ნავთობპროდუქტები ყველაზე დიდი ოდენობით ტოგოში იყიდება, რომელსაც თურქეთი და ჩინეთი მოსდევს. ჯამური ექსპორტის სტატისტიკაში ძირითადი ბაზრები ასეთია:
- ტოგო - 96.9 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 64.2 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 61.9 მლნ აშშ დოლარი;
- ლიბია - 35.3 მლნ აშშ დოლარი;
- ალჟირი - 25.1 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა - 19.7 მლნ აშშ დოლარი;
- მაროკო - 16.8 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი - 13 მლნ აშშ დოლარი;
- სინგაპური - 11.9 მლნ აშშ დოლარი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.8 მლნ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და ექსპორტის დაწყებასთან. ნავთობპროდუქტების კლასიფიკაციაში ბენზინის, დიზელის და ნავთის გარდა, სხვა ტიპის პროდუქციაც შედის. კერძოდ, ეს დასახელება აერთიანებს ასევე საპოხ მასალებს, (ზეთები, პლასტიკური საპოხები), ნავთობქიმიურ ნედლეულს, ბიტუმს და სხვა სპეციალურ პროდუქტებს (პარაფინები).




























