2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 62 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის მოცულობამ 94 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თავად ნავთობს ფაქტობრივად არ აწარმოებს, ექსპორტირებული საქონელი თითქმის 100%-ით რეექსპორტს წარმოადგენს.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან წელს ყველაზე მეტი - 21 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნიდერლანდებში განხორციელდა, შემდეგ ადგილებს 12 და 11.8 მილიონი დოლარის ექსპორტით სომხეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.
საქართველოდან ნავთობის ექსპორტის სტატისტიკა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში:
- ნიდერლანდები - $21 მილიონი, 42 ათასი ტონა;
- სომხეთი - $12 მილიონი, 10.6 ათასი ტონა;
- აზერბაიჯანი - $11.8 მილიონი, 10.7 ათასი ტონა;
- საბერძნეთი - $4.7 მილიონი, 13.6 ათასი ტონა;
- შვეიცარია - $4.5 მილიონი, 8.8 ათასი ტონა.
რაც შეეხება ნავთობის იმპორტს, მისმა მოცულობამ წელს 881 მილიონი დოლარი და 1.04 მილიონი ტონა შეადგინა. საქართველოს ნავთობის 41% რუსეთიდან, 12% ბულგარეთიდან, 11% რუმინეთიდან, 8% აზერბაიჯანიდან 5% კი თურქეთიდან შეიძინა.