2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 37 მილიონ 754 ათასი დოლარის ღირებულების 55 182 ტონა შაქარი შეიძინა. იმპორტის მოცულობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულება 15.1%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ღირებულება გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთვის შაქრის ძირითადი საიმპორტო ქვეყანა ბრაზილია იყო. იმ ქვეყნების რეიტინგი კი, საიდანაც 1 მლნ დოლარის ღირებულებაზე მეტი შაქარი შემოვიტანეთ, ასეთია:
1. ბრაზილია - 20 მლნ დოლარი, 31 500 ტონა;
2. საფრანგეთი - 6 მლნ დოლარი, 7 541 ტონა;
3. ინდოეთი - 2.7 მლნ დოლარი, 3 971 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 2.5 მლნ დოლარი, 3 572 ტონა;
5. მაროკო - 2.3 მლნ დოლარი, 2 730 ტონა;
6. ეგვიპტე - 1.9 მლნ დოლარი, 2 673 ტონა;
7. ნიდერლანდები - 1.4 მლნ დოლარი, 1 824 ტონა.
ამ საიმპორტო მიმართულებების გარდა შაქრის იმპორტი რუსეთიდან, კოლუმბიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებიდანაც ფიქსირდება.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, TOP-10 კომპანიის სია, რომელსაც საქართველოში შაქარი შემოაქვს, ასეთია: სს იბერია რეფრეშმენტსი; სს ლომისი; შპს L-ჯორჯია; შპს აგარის შაქრის კომპანია; შპს ალფა; შპს ბუმ გრუპი; შპს ექსპორტ +; შპს თემო ტრეიდი; შპს ორი ნაბიჯი; შპს ჯდ თრეიდი.
რაც შეეხება შაქრის ექსპორტს, იმპორტთან შედარებით მისი მაჩვენებლები მცირეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან შაქრის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარ-ივნისის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნიდან 2 მილიონი დოლარის ღირებულების 2 961 ტონა შაქრის ექსპორტი განხორციელდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსპორტი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი საქონლის რეალიზებაზე მოდის.
2021 წლის 6 თვის განმავლობაში ამ დასახელების საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 109 ათას დოლარს არ აღემატებოდა, მოცულობა კი 154 ტონას. უფრო წინა პერიოდს თუ შევხედავთ, ქვეყნიდან შაქრის ექსპორტი ფაქტობრივად არ ხდებოდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შაქრის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც ამ პერიოდში 2 მილიონ 085 ათასი დოლარის 2 961 ტონა შაქარი გაიყიდა.
BM.GE-მ საქსტატიდან შაქრის ექსპორტიორი კომპანიები გამოითხოვა, თუმცა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში შაქრის ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად, რამეთუ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა. საქსტატში გვიპასუხეს, რომ ასეთი ინფორმაცია გაცემას არ ექვემდებარება.