შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს.
მათ შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის გაძევება განხორციელდა... მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, უწყება საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის – სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და გაძევებაზე.




























