მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ყირგიზეთში $1.2 მილიარდის ავტომობილები გაიგზავნა - ჩავიდა $61 მლნ-ის

aston martin

2024 წლის განმავლობაში საქართველოდან ავტოექსპორტი რეკორდულ 2.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (მატება 14%), ზრდის მთავარი მიზეზი ცენტრალურ აზიის ქვეყანა ყირგიზეთში ავტოექსპორტის 93%-იანი მატება იყო, რის შედეგადაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ყირგიზეთში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 34,560 ავტომობილი გაიგზავნა. თუმცა, თავად ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათი იმპორტი საქართველოდან $61 მილიონი დოლარს და 5,440 ავტომობილს (11 თვე) შეადგენდა. წლის სრულ მაჩვენებლებს ყირგიზეთი თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს, თუმცა არსებული მდგომარეობითაც გაგზავნილ და ჩასულ ავტომობილებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 90%-ს აღემატება.

საქართველოდან გაგზავნილ და ჩასულ ავტომობილებს შორის ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი სავარაუდოდ არის ის, რომ მას შემდეგ რაც საქართველოდან ავტომობილის რეექსპორტის ოპერაცია ფორმდება ყირგიზეთის მოქალაქეზე ან ყირგიზ ავტოდილერზე, ეს უკანასკნელები გზაშივე ახდენენ ამ ავტომობილის რეალიზაციას, რის შესახებაც საქართველოს არ აქვს ინფორმაცია, რადგანაც ეს საქართველოს საბაჟო საზღვრებს მიღმა ხდება. მაღალი ალბათობით აღნიშნული ავტომობილები საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე რჩება, ამასთან საგულისხმოა რომ ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების 100% საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრიდან, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ტოვებს და შესაბამისად ისინი საქართველოს დატოვების შემდეგ პირდაპირ რუსეთში ხვდებიან, როგორც სტატისტიკა აჩვენებს ამ ავტომობილების მცირე ნაწილი ჩადის საბოლოო დანიშნულების ადგილზე ყირგიზეთში.

საინტერესოა საფასო სხვაობაც. საქართველოდან გასულ წელს ყირგიზეთში ექსპორტირებული 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 34,560 ავტომობილის საშუალო ფასი 34.6 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო უშუალოდ იმ 5,440 ავტომობილის საშუალო ფასი, რომელიც ყირგიზეთის სტატისტიკის ცნობით საქართველოდან მართლაც ჩავიდა სამჯერ უფრო დაბალი იყო და 11.2 ათას დოლარს შეადგენდა. ეს ღირებულება თანხვედრაშია ყირგიზეთის ავტოიმპორტის ზოგად სტატისტიკასთან, რადგანაც 2024 წლის 11 თვეში ყირგიზეთში იმპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 12.7 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ ყირგიზეთში არ ჩადის, ხოლო იმ ავტომობილების საშუალო ფასი, რომელიც ყირგიზეთში საქართველოდან მართლაც ჩადის, არის სამჯერ ნაკლები იმ საშუალო მაჩვენებელზე რაც საქართველოდან ექსპორტის ფასად ფიქსირდება. შესაბამისად, იმ ავტომობილების საშუალო ფასი, რომლებიც საქართველოდან ყირგიზეთში გაიგზავნა, მაგრამ ყირგიზეთის სტატისტიკის თანახმად ყირგიზეთში არ ჩასულა შეადგენს 39.6 ათას დოლარს.

თავის მხრივ ყირგიზეთი არ არის მიერთებული იმ საერთაშორისო სავაჭრო სანქციებზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტი კი 2023 წლის აგვისტოდან შეჩერდა, მას შემდეგ არცერთი ავტომობილი საქართველოდან პირდაპირ რუსეთში არ გასულა.

2024 წელს ყირგიზეთმა სულ 126 ათასი, 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა. ყველაზე მეტი, 841 მილიონი დოლარის ავტომობილები ყირგიზეთმა ჩინეთიდან იყიდა.

რაც შეეხება საქართველოდან ავტომობილების მთლიან ექსპორტს - 2024 წელს ის ასე ნაწილდება:

# სავაჭრო ნაკადები 2024 წელი - მილიონი დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საექსპორტო ფასი - ათასი დოლარი ექსპორტის ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით
1 ყირგიზეთი 1.2 მილიარდი დოლარი 34,560 ავტომობილი; 34.6 ათასი დოლარი 93%
2 ყაზახეთი 751 მილიონი დოლარი; 48,986 ავტომობილი; 15.3 ათასი დოლარი 27%
3 აზერბაიჯანი 290 მილიონი დოლარი; 12,849 ავტომობილი; 22.6 ათასი დოლარი -34%
4 სომხეთი 100 მილიონი დოლარი; 5,017 ავტომობილი; 19.9 ათასი დოლარი -67%
5 ტაჯიკეთი 24 მილიონი დოლარი; 1,496 ავტომობილი; 16.2 ათასი დოლარი -17%
6 უზბეკეთი 15 მილიონი დოლარი; 442 ავტომობილი; 33.3 ათასი დოლარი 441%
7 უკრაინა 10 მილიონი დოლარი; 1,220 ავტომობილი; 7.9 ათასი დოლარი -43%
8 არაბთა გაერთიანებული საამიროები 9 მილიონი დოლარი; 287 ავტომობილი; 32.2 ათასი დოლარი -48%
9 ბელგია 8 მილიონი დოლარი; 150 ავტომობილი; 53.5 ათასი დოლარი -59%
10 თურქეთი 6 მილიონი დოლარი; 214 ავტომობილი; 28.3 ათასი დოლარი -36%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები