მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ზეთისხილის ექსპორტი შემცირდა|სად ვყიდით

ზეთისხილი

საქართველოდან ზეთისხილის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 116 300 აშშ დოლარის 42 ტონა დაკონსერვებული ან ძმრის და დამატების გარეშე დამზადებული ზეთისხილი გავიდა ექსპორტზე. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 138 800 აშშ დოლარი და 56 ტონა იყო. თუმცა მანამდე ზეთისხილის ექსპორტის მოცულობა გაცილებით ნაკლები იყო.

აღსანიშნავია, რომ გასული წელი რეკორდული იყო საქართველოდან ზეთისხილის ექსპორტის კუთხით. ჯამურად 2025-ში 533 200 აშშ დოლარის ღირებულების 195 ტონა ზეთისხილის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ზეთისხილის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე რაოდენობით ზეთისხილი კანადაშიც გავიდა. მანამდე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა. თუმცა ყოველ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი მაინც სომხეთია.

ექსპორტის კლების პარალელურად, საქართველოში გაზრდილია ზეთისხილის იმპორტი, მიმდინარე წლის ოთხ თვეში 1,9 მლნ აშშ დოლარის 685 ტონა ზეთისხილი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტი 1 მლნ აშშ დოლარამდე და 433 ტონა იყო. მთავარი საიმპორტო ქვეყნები ესპანეთი და თურქეთია.

ცნობისთვის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ასევე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაძლევს საშუალებას საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ამ ბაზრებზე თავისუფალ რეჟიმში გავიდეს. თუმცა არც ევროკავშირის და არც ჩინეთის ბაზარზე ქართული ზეთისხილი ექსპორტზე არ გასულა. მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს სატესტოდ “ქართულმა ზეთისხილმა” მცირე რაოდენობის პროდუქტი გაიტანა ჩინეთში, მას შემდეგ კი, ამ ქვეყანაში სატესტო რაოდენობის ექსპორტიც აღარ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ზეთისხილით წარმოებული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას და ზეთისხილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს. საბჭოს წევრობისთვის 2026 წელს გადახდილ იქნა 28,416 ევრო საქართველოს ბიუჯეტიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები