მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ უნდა განსაზღვროს, რა როლი აქვს შეცვლილ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე - ყოფილი ელჩი

64c280f2c5f24
გიგა ბენია
27.07.23 21:31
516
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად პეკინსა და ჩენგტუში ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვისთან გაიმართება შეხვედრები, უცნობია.

ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით აფციაურმა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩინეთში ნებისმიერი ვიზიტი მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აუცილებელია, საქართველომ განსაზღვროს, რა როლი აქვს შეცვლილ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე.

„ნებისმიერი ვიზიტი ჩინეთში, ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები და დიალოგები, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა ეკონომიკაში გლობალური ლიდერია. დღეს სამყაროში პოლიტიკური კრიზისია, უკრაინაში ომია, რომელმაც ვითარება მკვეთრად შეცვალა. ახალ რელიეფში როგორი შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს არის საინტერესო და ამ მხრივ კონკრეტულ შედეგებს ველოდებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ზუსტად დავადგინოთ რა შესაძლებლობები შეიძლება გვქონდეს კრიზისის პერიოდში. ალბათ, შუა დერეფანი გახდება ცენტრალური თემა და არის კიდევაც უკვე. რა პერსპექტივა ელის საქართველოს? ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი ამაზე გაკეთდება. მითუმეტეს, როდესაც ამ დერეფნის მნიშვნელობა პრიორიტეტული ხდება“, - განაცხადა დავით აფციაურმა.

ყოფილი ელჩის თქმით, შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის პროცესს გარკვეული გამოწვევები ახლავს, მათ შორის, ერთ-ერთ პრობლემად ის ინფრასტრუქტურას ასახელებს.

„რაც შეეხება ტრანსპორტს. მისასალმებელია, რომ რკინიგზით გადაზიდვების ბრუნვა იზრდება და ბოლო წლებში ევროპისკენ მიმავალი ტვირთები 30%-ითაა გაზრდილი. არავინ მოელოდა, რომ ეს დერეფანი სრულად გაიხსნებოდა და ამისთვის საჭიროა მზაობა. უახლოეს პერიოდში დინამიკა პოზიტიური იქნება, მაგრამ მას აბრკოლებს ის, რაც არის სუსტი - ინფრასტრუქტურა. ამასთან, მნიშვნელოვანია სატარიფო პოლიტიკის დახვეწაც. ტვირთი რამდენიმე რთულ ქვეყანას კვეთს. ბევრი რამაა დაკავშირებული ინვესტიციებთან და დროსთან და ამასობაში არავინ დაგელოდება, ეს დერეფანი დღესვეა აქტუალური“, - აღნიშნა დავით აფციაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები