მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 6 თვეში $38 მილიონის შაქარი შეიძინა - საიდან შემოგვაქვს და სად გაგვაქვს?

შაქარი

2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ შაქრის იმპორტზე 37.9 მილიონი დოლარი დახარჯა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში იანვარ-ივნისში 78 133 ტონა შაქარი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც 37.87 მილიონი დოლარი იყო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 56 733 ტონა შაქარი, 33.16 მილიონი დოლარის ღირებულებით იყო იმპორტირებული. შესაბამისად, წელს შაქრის იმპორტის ღირებულება 14.1%-ით გაიზარდა, ხოლო შემოტანილი პროდუქციის მოცულობა 37.7%-ით.

მონაცემები აჩვენებს, რომ შაქარი გაიაფდა. თუ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო საშუალოდ ერთ ტონა შაქარს 584.6 დოლარად ყიდულობდა, 2026 წლის იმავე პერიოდში საშუალო ფასი 484.7 დოლარამდე შემცირდა. ეს დაახლოებით 17.1%-იან გაიაფებას ნიშნავს.

წელს საქართველოსთვის შაქრის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი პოლონეთი იყო, საიდანაც 21 615 ტონა შაქარი, 10.9 მილიონი დოლარის ღირებულებით შემოვიდა. მას მოჰყვება სალვადორი - 17 000 ტონა (7.1 მილიონი დოლარი) და ბრაზილია - 16 500 ტონა (6.9 მილიონი დოლარი).

უმსხვილეს მომწოდებლებს შორის ასევე არიან:

  • საფრანგეთი – 9 მილიონი დოლარი (11 541 ტონა);
  • ნიდერლანდები – 5 მილიონი დოლარი (6 230 ტონა);
  • ბელგია – 9 მილიონი დოლარი (3 424 ტონა);
  • გაერთიანებული სამეფო – 754 ათასი დოლარი (1 000 ტონა);
  • უკრაინა – 226 ათასი დოლარი (341 ტონა);
  • კოლუმბია – 135 ათასი დოლარი (174 ტონა);
  • აზერბაიჯანი – 129 ათასი დოლარი (129 ტონა).

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 8 196 ტონა შაქარი გავიდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში შაქრის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.

წელს ქართული შაქარი მხოლოდ სამ ბაზარზე გაიყიდა. ექსპორტის მთავარი მიმართულება აზერბაიჯანი იყო, სადაც 4 479 ტონა შაქარი 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეორე ადგილზე ავღანეთია - ამ ქვეყანაში საქართველომ 3 406 ტონა შაქარი 2.3 მილიონ დოლარად გაიტანა. მესამე საექსპორტო ბაზარი კი უზბეკეთი იყო, სადაც 310 ტონა შაქრის ექსპორტიდან ქვეყანამ 187 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები