საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) სოფლებში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის 200 მილიონი ევროს კრედიტს მიიღებს. შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ADB საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა მოაწერეს.
პროგრამის აღმასრულებელი უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იქნება.
ADB-ის ინფორმაციით, შედეგებზე დამყარებული სასესხო პროგრამა — „საქართველო: სუფთა, ადგილობრივი და თანაბარი წვდომა წყლის რესურსებზე“ - გამიზნულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 100 სოფელში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოება და რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას.
„ახალი პროგრამა აგრძელებს ADB-ის წყალმომარაგების მხარდაჭერის ათწლიან გამოცდილებას, რომლის შედეგად საქართველოს უკვე 13 ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. გაზრდილი მხარდაჭერა გააუმჯობესებს ცხოვრების პირობებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს საქართველოს სოფლებში, სადაც საბჭოთა პერიოდის მოძველებულ წყლის სისტემებში ინვესტიციების ნაკლებობაა“, — განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
ADB-ში აღნიშნავენ, რომ პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განვითარების სტრატეგიას „ხედვა 2030“ და მთავრობის ძალისხმევას, აღმოიფხვრას ქალაქებსა და სოფლებს შორის წყლის მიწოდების სერვისების უთანასწორობა. ის ასევე ხელს შეუწყობს წყალარინების დღის წესრიგის განხორციელებას, მათ შორის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ხედვის ფარგლებში, 2030 წლის შემდგომ პერიოდში დამტკიცებისა და განხორციელების მიზნით.




























