საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.
მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის (ICSID) ვებგვერდის თანახმად, 2025 წლის 21 აგვისტოს აპელაციის განმხილველმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საქართველოს აპელაცია და ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის 27 ოქტომბერს იქნა გამოტანილი. განაჩენის თანახმად, საქართველომ მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის რუსულ ენერგოკომპანია Inter Rao-ს 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. აღნიშნული განაჩენი საქართველომ აპელაციაში გაასაჩივრა.
საქმე უკავშირდება ორ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც Inter Rao-ს შვილობილმა კომპანიებმა ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყეს. ინვესტორის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირველ დავას განიხილავდა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალი, ხოლო მეორეს მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ტრიბუნალი. სტოკჰოლმის ტრიბუნალმა საქმეზე განაჩენი 2022 წლის 9 სექტემბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-ს მიმართ 112 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა. ხოლო მეორე განაჩენი კი ICSID-მა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-სთვის 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, იმ დათქმით რომ ეს განაჩენი შედის 112 მილიონიანი განაჩენის შემადგენლობაში. ქართულმა მხარემ ორივე განაჩენი გაასაჩივრა შესაბამის აპელაციაში, თუმცა როგორც ირკვევა 2025 წლის 21 აგვისტოს ICSID-ის აპელაციამ საქართველოს მოთხოვნა კომპენსაციის ნაწილობრივ ანულირებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის აპელაციას კი ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება 112-მილიონიანი განაჩენის თაობაზე მიღებული არ აქვს, თუმცა არსებული მდგომარეობით ICSID-ის აპლეაციაში საქართველომ 76 მილიონი დოლარი წააგო.
ამასთან, 2022 წელს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციაზე წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამჟამად განაჩენის მოცულობა უკვე გაზრდილია. გადაწყვეტილების თანახმად, კომპენსაცია აშშ დოლარის ცვლად განაკვეთ SOFR-ზე არის მიბული და მას 2% ემატება. ამჟამად SOFR-ი 4.3%-ია, ხოლო მასზე პლიუს 2% 6.3%-ს შეადგენს. თუმცა, 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის სექტემბრამდე SOFR-ი 5.3%-ი იყო, შესაბამისად ამ პერიოდში კომეპნსაციას წლიური 7.3% დაემატა, 2022 წლიდან 2023 წლის ზაფხულამდე კი SOFR-ი საშუალოდ 3.5% იყო, ანუ კომპენსაციის განაკვეთი 5.5% იყო. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაკისრებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, განაჩენით გათვალისწინებული 76 მილიონი დოლარი ამჟამად 94 მილიონ დოლარს აღემატება.
BMG-იმ საკითხის კომენტირებისთვის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რა მოხდა:
ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.
როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც, Inter Rao-ს როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს, საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა.




























