მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობა

sea breeze 2026

საქართველომ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წამყვან მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Sea Breeze 2026, რომელიც ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს თავსებადობის გაზრდის, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებისა და მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მიმდინარე წლის სწავლების მეორე ეტაპი 13-24 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში, პორტლენდში გაიმართა და ფოკუსირებული ნაღმსაწინააღმდეგო (MCM) ოპერაციებზე იყო. მონაწილე ძალებმა ერთობლივი წვრთნები გაიარეს ნაღმების ძებნაში, ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფაში, ყვინთვისა და სამაშველო ოპერაციებში, ასევე უპილოტო წყალქვეშა და ზედაპირული სისტემების გამოყენებაში, მზარდი საზღვაო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.

საქართველო სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი იური ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.

"მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო Sea Breeze 2026-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას", - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ბულგარეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები