მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ და შვეიცარიამ ტურიზმის სფეროში მემორანდუმი გააფორმეს - რას ითვალისწინებს დოკუმენტი?

638f248eb7c74
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.22 15:40
584

საქართველო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმისა და დანიშნულების ადგილის მართვის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის საგანმანათლებლო სასწავლო ტრენინგების განხორციელების პერსპექტივები შვეიცარიის კონფედერაციაში, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთათვის საუკეთესო ევროპული ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.

"დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალი თანამშრომლობის გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან როგორც ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ შანსი მოგვეცა გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რაც მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენი კერძო სექტორისა და ინდუსტრიის მეტად გაძლიერებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თემატური შეხვედრები გამართვა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ველოდებით უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის პოლიტიკის შემუშავება, ბიზნეს გეგმები, ტურიზმის საბჭო, ასევე სამთო ტურიზმი, სპა ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია. საქართველოს, ისევე როგორც შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებით ორივე ქვეყანა მოგებული დარჩება“, - განაცხადა შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში შვეიცარიიდან 4 510 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 47.2%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები