აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება EBAN-ისა და სხვა ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში, საქართველომ განაცხადი აპრილში შეიტანა და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.
საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის განცხადებით, კონგრესის მასპინძლობა საქართველოში 500-ზე მეტ წამყვან ინვესტორსა და სტარტაპს შეკრებს. ამასთან, ადგილობრივი სტარტაპებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ უცხოური კაპიტალის მოზიდვაში და მსოფლიო ბაზრისთვის თავიანთი იდეების წარდგენაში.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის ამჟამინდელი მასპინძელი არის ესტონეთის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი (EstBAN) და 2024 წლის საინვესტიციო შეკრება ესტონეთში, ტალინში გაიმართება.