კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველომ რუსული სტილის უცხოური გავლენის კანონმდებლობის მიღებასთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ხოლო სულ ახლახან ქვეყანამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინურ კომპანიას გადასცა, რომელიც ჩინეთის თავდაცვის ძალებთან არის დაკავშირებული. საუბარია კომპანია China Communications Construction Company-ის შესახებ, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს კანდიდატად დასახელდა.
"საქართველოს ხელისუფლება პუტინის რუსეთთან ერთად აღრმავებს პარტნიორობას კომუნისტურ ჩინეთთან, რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი გადაეცა ჩინეთის თავდაცვის ძალებთან ახლოს აფილირებულ კომპანიას,"- განაცხადა ჯო უილსონმა.
2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ეს შეზღუდვა კომპანიას საქართველოში ოპერაციების განხორციელებას არ უზღუდავს.
"ეს კომპანია შედის Fortune 500-ში, ანუ მსოფლიოს უმსხვილეს 500 კომპანიას შორის შედის. მას აქვს საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ასევე მსოფლიოში მსგავსი პროექტების, მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები ამერიკის შეერთებული შტატების ორი უწყების მხრიდან დაწესებული. ეს იყო ვაჭრობის დეპარტამენტის ვაჭრობის ბიუროს შეზღუდვების სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან. კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური ოპერაცია, თანხის გადარიცხვა და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციებს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი, რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.