2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 99.7 მილიონი დოლარის ღირებულების 89.6 მილიონი ლიტრი ტკბილი გაზიანი სასმელი გავიდა ექსპორტზე. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 23.7%-ით, ხოლო მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა.
ქართული ტკბილი გაზიანი სასმელების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც ექვს თვეში 23 მილიონი დოლარის ღირებულების 24.7 მილიონი ლიტრი პროდუქცია გაიყიდა. მას მოჰყვება აზერბაიჯანი (19.4 მილიონი დოლარი, 12.9 მილიონი ლიტრი) და ყაზახეთი (15.6 მილიონი დოლარი, 14.2 მილიონი ლიტრი).
უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ასევე არიან სომხეთი (9.4 მილიონი დოლარი, 9.7 მილიონი ლიტრი), უზბეკეთი (8.7 მილიონი დოლარი, 5.9 მილიონი ლიტრი), ისრაელი (5.3 მილიონი დოლარი, 6 მილიონი ლიტრი), უკრაინა (4.4 მილიონი დოლარი, 4.1 მილიონი ლიტრი), ყირგიზეთი (2.9 მილიონი დოლარი, 2.1 მილიონი ლიტრი), ბელარუსი (1.9 მილიონი დოლარი, 1.4 მილიონი ლიტრი) და ლიეტუვა (1.4 მილიონი დოლარი, 1.4 მილიონი ლიტრი).
ამავე პერიოდში გაიზარდა ტკბილი გაზიანი სასმელების იმპორტიც. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 15.6 მილიონი დოლარის ღირებულების 13.4 მილიონი ლიტრი პროდუქცია შეიძინა. წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 25.7%-ით, ხოლო მოცულობა 15.5%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის ტკბილი გაზიანი სასმელების უმსხვილესი მომწოდებელი პოლონეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების 2.2 მილიონი ლიტრი პროდუქცია შემოვიდა. მას მოსდევს თურქეთი (1.7 მილიონი დოლარი, 2 მილიონი ლიტრი), უნგრეთი (1.5 მილიონი დოლარი, 1.1 მილიონი ლიტრი), რუსეთი (1.4 მილიონი დოლარი, 1.4 მილიონი ლიტრი), აზერბაიჯანი (757 ათასი დოლარი, 966.5 ათასი ლიტრი), ავსტრია (671 ათასი დოლარი, 311.2 ათასი ლიტრი), ტაივანი (609 ათასი დოლარი, 480.6 ათასი ლიტრი), სომხეთი (463 ათასი დოლარი, 588.9 ათასი ლიტრი) და ესპანეთი (430 ათასი დოლარი, 223.2 ათასი ლიტრი).




























