მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ მოკლე ვადაში შესაძლოა, საერთო ტვირთბრუნვის 20% დაკარგოს - ასოციაცია ალიევის განცხადებაზე

ტრანზიტი

საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, საერთო ტვირთბრუნვის 20% დაკარგოს - ასე აფასებენ სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებული საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ნემსაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რეგიონის ქვეყნების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე დიდი გავლენა ექნება.

ნემსაძის თქმით, პირველ რიგში, შესაძლოა, საქართველომ სომხეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი საექსპორტო ტვირთები დაკარგოს. ამასთან, სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი სატრანზიტო ტვირთის დაკარგვის რისკი იქმნება მას შემდეგ, რაც ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი” ამოქმედდება.

„პოლიტიკური მდგენელი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხშირად ის გადაწონის ხოლმე ეკონომიკურ მდგენელსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნები - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, შუა აზიის სხვა ქვეყნები - არიან ქვეყნები, რომლებშიც პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად და ეფექტურად იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალიევის განცხადებაც იყო უპირველესად პოლიტიკური განაცხადი და შეხსენება.

მოკლევადიან პერსპექტივაში დავკარგავთ შემდეგი მიმართულების ტვირთებს - სომხეთიდან საექსპორტო ტვირთებს ჩრდილოეთის მიმართულებით, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ამ მიმართულების ტვირთები თავისუფლად გაივლის აზერბაიჯანის გავლით, როგორც კი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანუ ეს შეიძლება მოხდეს დღეების ინტერვალში. ისევე როგორც უკუტვირთები, შუა აზიიდან და რუსეთიდან მომავალი ტვირთები სომხეთში აღმოჩნდეს აზერბაიჯანის გავლით. აქამდე ერთადერთი მარშრუტი იყო საქართველოს ტრანზიტი. ეს ტვირთები ძალიან დიდი ალბათობით უახლოეს ხანებში დაიკარგება.

იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და სომხეთს შორის არსებულ ტვირთბრუნვაზე. აქამდე დიპლომატიური და ეკონომიკური პირდაპირი კავშირების არქონა ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას განაპირობებდა საქართველოს გეოგრაფიული ტრანზიტის გამოყენებით და ქართული კომპანიების მომსახურებით, ე.წ. რეექსპორტის პროცედურის გავლით. აღნიშნული საერთოდ აღარ იქნება საჭირო მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით საავტომობილო გზა მწყობრში ჩადგება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოკლე ვადაში რასაც ველოდებით ანუ სომხეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და პირიქით, ტვირთების დანაკარგი იქნება საერთო ტვირთბრუნვის დაახლოებით 15-20%. ხოლო როდესაც „ზანგეზურის“ დერეფანიც ამოქმედდება, ეს 30-40%-მდე ტვირთნაკადს დააკარგვინებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალს“, - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.

სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად იმუშაოს ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

“ჩემი აზრით, არის რაღაცები, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ისეთი პროცესი დაიწყო, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვერ შევაჩერებთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ უბრალოდ შევქმნათ ამ მიმართულების ალტერნატივა ისეთი, რომელიც განხილვადი და თანაბარი შეთავაზება იქნება ტვირთმფლობელებისთვის.

ეს პირველ რიგში გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბაჟო პუნქტების გამტარუნარიანობის გაზრდას, კვალიფიციური კადრების [არსებობა], რომლებიც ამ ტვირთბრუნვის დამუშავებას სწრაფად, ეფექტურად და მისაღებ ფასებში უზრუნველყოფენ. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აუცილებელია თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე ბუნებრივია ევროპასთან. იმიტომ რომ აქ ვსაუბრობთ შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთებზე ევროპიდან შუა აზიისა და ჩინეთის მიმართულებით და პირიქით.

რეგიონალურ ტვირთებს რაც შეეხება, სომხეთი-ჩრდილოეთი და თურქეთი-სომხეთი, ამის დაკარგვას ხელს ვეღარ შევუშლით, იმიტომ რომ თუ ამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდა, იქ ჩვენ აღარავინ გვკითხავს და აღარ გვექნება ბერკეტები რაიმე ხელშემშლელი პროცესებისა”, - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები