მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის AFD-სგან €70 მლნ-ის სესხი აიღო

afd

საქართველოს მთავრობამ დღეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან 70 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო სარწყავი სისტემების განვითარებას გეგმავს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ.

პროგრამის განმახორციელებელი შპს საქართველოს მელიორაცია იქნება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სარწყავი არხების ოპერირებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა. თანხები გამოიყოფა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე საირიგაციო სისტემის მართვის უკეთესი მოდელის შემუშავების მიზნით.

70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია 35 მლნ ევრო და ითვალისწინებს:

  • ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას;
  • ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.

35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს:

  • საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას;
  • პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
  • შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები