მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგია მარტშიც იყიდა

ელექტროენერგია

საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგია მარტშიც იყიდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მარტში თურქეთიდან 58 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ჯამში 2026 წლის სამ თვეში თურქეთიდან 178 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნა შესყიდული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია. როგორც წესი, თურქეთიდან შემოტანილი დენი სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ძვირია, რაც საქართველოს იმპორტს უძვირებს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ტრადიციულად ყველაზე მეტი დენი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. მარტში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 155 მლნ კვტ.სთ იყო, თუმცა ეს ელექტროენერგია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონზეც ნაწილდება. ჯამში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 739 მლნ კვტ.სთ იყო. მცირე რაოდენობით დაახლოებით 15 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია საქართველომ აზერბაიჯანიდანაც მიიღო, თუმცა 5 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანსაც მიაწოდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში დენის იმპორტში ჯამში 35.7 მლნ დოლარამდეა გადახდილი. აქედან თურქეთიდან თითქმის 13 მლნ დოლარის ელექტროენერგიაა იმპორტირებული, 12.9 მლნ დოლარის რუსეთიდან, ხოლო 6 მლნ დოლარამდე აზერბაიჯანიდან. ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად იანვრის თვეზე მოდის, როდესაც ქვეყანამ 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან თურქეთიდან იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში იყო (40.5 მლნ კვტ.სთ). რატომ დასჭირდა წელს ქვეყანას თურქეთიდან დენის იმპორტი, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები