არსებული პროგნოზების გათვალისწინებით 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება (14%-იანი ზრდა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით) - ამის შესახებ საქართველოს პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომელიც მან საქართველოს პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგნოზი საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიური თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებითაა განპირობებული.
სამთავრობო პროგრამის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების ნაწილში ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტების, ასევე გასულ წელს დაანონსებული ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტების პროექტის განვითარების შესახებაა საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვაზიანის აეროპორტი აშენდება, თბილისს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რაც როგორც ჩანს პროექტის პირველადი შეფასებით დგინდება.
„დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ამ მიზნის მისაღწევად, შეფასდება დედაქალაქის მთავარი აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.
პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი“, - გაწერილია პროგრამაში.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელს ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება დასრულდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით“, - აღნიშნული პროგრამაში.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, მისი გამტარუნარიანობა შეფასდება.
ირაკლი კობახიძის მთავრობა შიდა ფრენების სუბსიდირების პოლიტიკას გააგრძელებს და 2024 წელს თელავის აეროპორტისა სრულ მოდერნიზებას და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებასა და მშენებლობას გეგმავს.
„რეგიონებს შორის მობილობის ზრდის ხელშეწყობისათვის, ადგილობრივი მოსახლეობის, ისევე როგორც შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის სწრაფ და ხელმისაწვდომ ფასად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას“, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.