საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების მიმართულებით ორ ახალ ტენდერს გამოაცხადებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ტენდერები თბილისი - მესტიის, თელავის, ამბროლაურის და ქუთაისის მიმართულებით და თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებაზე ცალ-ცალკე გამოცხადდება - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 27 მარტის სხდომაზე, მთავრობის განკარგულებების პროექტები "საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” და "თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებაზე მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო, შიდა აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს, რომლის საფუძველზეც საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მარტის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
„განკარგულების მიხედვით განსაზღვრულია 12 მიმართულება თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის და ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, ცალკე ტენდერი თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებაზე გამოცხადდება. საკითხის განხილვისას, ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გამახვილდა - წინასწარ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელების ინტერესი რამდენიმე ავიაკომპანიამ გამოთქვა.
გასათვალისწინებელია ისიც, ბათუმში ფრენების შესასრულებლად გამოყენებული იქნება ისეთი ბორტი, რომლის ანალოგებიც საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს აქვთ, განსხვავებით მცირე გაბარიტიანი ავიახომალდებისგან - მათ მხოლოდ ავიაკომპანიების მცირე რაოდენობა ფლობს. ამდენად, კონკურენციისა და ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სუბსიდირებული მიმართულებების ტენდერების გაყოფის თაობაზე. ავიარეისების მომსახურების შესასყიდად გამოსაცხადებელ ელექტრონულ ტენდერებზე დეტალურ ინფორმაციას შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გაავრცელებს“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
საქართველოს მთავრობის გვერდზე შესაბამისი განკარგულება ჯერ არ გამოქვეყნებულა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ ტენდერი მთავრობის განკარგულების გამოქვეყნებისთანავე გამოცხადდება.