ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რასაც ადგილობრივი კომპანიები პროდუქციის წარმოებისას აწყდებიან.
როგორც გოჩა ღვინეფაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, წვენების მწარმოებელი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადგილობრივი ხილის დეფიციტია, რის გამოც საწარმოს პროდუქციის იმპორტირება უწევს.
კომპანია „აჩინებულში“ ამბობენ, რომ საწარმოსთვის გამოწვევაა ადგილობრივი შესაფუთი მასალების სიმცირეც. გოჩა ღვინეფაძის თქმით, წარმოებაში წარმოქმნილი ეს გამოწვევები საბოლოოდ ქართული პროდუქციის საექსპორტო ფასს არაკონკურენტულს ხდის და მათ ევროპულ, ასევე თურქულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევას ურთულებს.
“ჩვენ აქამდე ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, ადგილობრივ ფერმერებთან, ვმუშაობდით ქართულ ხილზე, მაგრამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა უკვე ეს ქართული ხილიც გახდა დეფიციტური. არის ისეთი ხილი, რომლის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანა ჩვენ უკვე დავიწყეთ, როგორიც არის მაგალითად ალუბალი, ბროწეული, ასევე უკვე მომავალში სერიოზული პრობლემა გვექნება მაყვალის მიმართულებითაც. ჩვენი ქარხანა არის ევროპული დანადგარებით აღჭურვილი და ყველა ამ დანადგარის მომსახურება, შემდეგ ნაწილების გამოწერა ასევე ხდება ევროპიდან მოწვეული პერსონალით.
საქართველოს არ აქვს იმდენი ხილი, რომ შიდა ბაზარი დააკმაყოფილოს, ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაა. აქ არ არის მარტო ვაშლზე და ატამზე ლაპარაკი.
შესაფუთ მასალებს რაც შეეხება, ასევე შემოგვაქვს ევროპიდან. დამხმარე მასალები, შესაფუთი, ასევე საფილტრე მასალები შემოდის ევროპიდან. რაღაც ნაწილს საქართველო აწარმოებს, მაგრამ ფასებში ჯერ კონკურენციას ვერ ვუწევთ ვერც თურქეთს, ვერც რუსეთს, ვერც უკრაინას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბაზარია რუსეთი, იგივე უკრაინა, იგივე თურქეთი და შესაფუთ მასალებზე ფასები შედარებით კონკურენტუნარიანი აქვთ.
ჩვენ წლები ვთანამშრომლობდით ქსნის ტარის ქარხანასთან, თუმცა ის იმ პროდუქციას, რაც ჩვენ გვჭირდება, მომავალში უკვე აღარ აწარმოებს. იმიტომ რომ არ აწყობს უკვე წარმოება. ეს ბოთლიც, ტარაც კი უკვე საზღვარგარეთიდან გვაქვს შესასყიდი. ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ საზღვარგარეთ ვყიდულობთ, შემოგვაქვს, აქ ვამზადებთ წვენებს.
მერე ისევ რომ მივდივართ ექსპორტზე, ევროპაში გვიწევს კონკურენცია, გვინდა კონკურენცია გავუწიოთ ევროპულ პროდუქტს, რომელსაც ყველაფერი აქვს. ასევე თურქეთს, რომელსაც წარმოებაც აქვს, ხუფსაც თვითონ ამზადებს, ეტიკეტსაც თვითონ ამზადებს, აბსოლუტურად მთლიანი ჯაჭვი და ეს რგოლი არის შეკრული. ჩვენ, ქართულ მეწარმეებს კი სათითაო დეტალის [ყიდვა] გვიწევს მთელი მსოფლიოდან, ეს ლოგისტიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაზეც საკმაოდ დიდი თანხა მიდის”, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.




























