2026 წლის 9 თვეში საქართველოში ავტოპარკის მოცულობამ 2 106 000 ავტომობილი შეადგინა. ამის შესახებ ავტოინდუსტრიის თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევის თანახმად, მკვეთრად იცვლება ბაზრის სტრუქტურაც: რეგისტრირებული ავტომობილების ასაკი მცირდება, ხოლო ელექტრომობილებზე მოთხოვნა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
კერძოდ, 2026 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2 106 000 ერთეული შეადგინა. მთლიანი ავტოპარკის უდიდეს წილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს (82.6%), მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები (6.2%), ხოლო სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის წილი 4%-ია.
მიმდინარე წლის 9 თვეში პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა წლიურად 1.8%-ით გაიზარდა და 129.6 ათასი შეადგინა (2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 127.3 ათასი იყო).
განსაკუთრებით თვალშისაცემია ავტოპარკის გაახალგაზრდავების ტენდენცია:
- პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 6.9 წლამდე შემცირდა (2025 წელს ეს მაჩვენებელი 7.3 წელი იყო, ხოლო 2021 წელს - 10.6 წელი).
- 0-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების წილმა რეგისტრაციებში 38%-ს მიაღწია (2025 წელს – 28%).
- 6-დან 10 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 44%-ს შეადგენს (2025 წელს - 56%), ხოლო 11 წლისა და მეტი ხნის ავტომობილების წილი 16-დან 18%-მდეა გაზრდილი.
ელექტრომობილების ბუმი
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა:
მსუბუქი ავტომობილების პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1% შეადგინა (გასული წლის 4.8%-ის შემდეგ). ჯამში ბაზარს 10,323 ელექტრომობილი შეემატა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (5,255 ერთეული).
პირველად რეგისტრაციებში საწვავის ტიპების მიხედვით ბენზინის წილი 55%-მდე შემცირდა, ჰიბრიდული ავტომობილების წილმა 27% შეადგინა, ელექტრომობილებმა - 9%, ხოლო დიზელმა - 7%.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ელექტრომობილების პოპულარობის მკვეთრ ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბენზინსა და დიზელზე ფასების მატებამაც შეუწყო ხელი.
თიბისი კაპიტალის თანახმად, საქართველოს მსუბუქი ელექტრო-ავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენს.
ბრენდებს შორის აბსოლუტური ლიდერია Tesla (44%), რომელსაც მოსდევს Nissan (18%), ხოლო მესამე-მეხუთე პოზიციებს 5-5%-იანი წილით BYD, Volkswagen და BMW ინაწილებენ.
ლიდერი ბრენდები ავტობაზარზე
მთლიან ავტოპარკში, ისევე, როგორც ახალ რეგისტრაციებში, უკონკურენტო ლიდერობას კვლავინდებურად Toyota ინარჩუნებს, თუმცა წელს პირველად, ახალი რეგისტრაციების მოწინავე ბრენდებს შორის Tesla-ც მოხვდა.
TOP-5 ბრენდი საქართველოს მთლიან ავტოპარკში:
- Toyota - 233.3 ათასი ერთეული
- Mercedes-Benz - 198.3 ათასი
- Ford - 147.8 ათასი
- Opel - 145.3 ათასი
- BMW - 98.1 ათასი.
























