მდგრადი განვითარება საქართველოს ბანკისთვის უკვე რამდენიმე წელია, პრიორიტეტული საკითხია - სწორედ ამიტომ, 2023 წელს ბანკში ახალი მიმართულება - ESG & Sustainability შეიქმნა, რასაც ხელი ბიზნესის მდგრადობისკენ სწრაფვამ და ESG-ს, როგორც შეფასების კრიტერიუმის მნიშვნელობის ცხადად დანახვამ შეუწყო.
ESG სტრატეგიის მნიშვნელობაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებაზე საქართველოს ბანკის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელს, ანა ოსაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც კერძო სექტორისათვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობასა და აღნიშნული სტრატეგიისათვის ქართული ბიზნესების მზაობაზე ისაუბრა.
საქართველოს ბანკში ESG & Sustainability მიმართულება, როგორც ცალკეული კომპონენტი, ახალი შექმნილია. რა მიზნით შეიქმნა ის და რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური თუ კერძო სექტორის განვითარებაში ESG სტრატეგიის შემუშავება?
ხშირად, მდგრადობა და ESG გაიგივებულია კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან, რასაც ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ. საქართველოს ბანკში ESG სტრატეგია ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იგი მთლიანად არის ინტეგრირებული ბანკის ბიზნეს პროცესებში. ჩვენთვის, როგორც სერვის პროვაიდერისთვის, ESG სტრატეგიის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა საკუთარი სთეიქჰოლდერებისთვის, კერძოდ, ინვესტორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის და გაგვეგო, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული და რას ელიან ისინი საქართველოს ბანკისგან. სწორედ მათი მოსაზრებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე განვაახლეთ ESG სტრატეგია. ორგანიზაციაში მდგრადი პრაქტიკებისა და სტრატეგიის დანერგვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება, როგორებიცაა რისკების შემცირება, კონკურენტუნარიანობა, მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სხვა, შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ბიზნესი განვავითაროთ და გვქონდეს არა მოკლე, არამედ გრძელვადიანი ხედვები, უმნიშვნელოვანესია გვქონდეს ESG სტრატეგია და მიზნები, რომლებსაც დავისახავთ, მეტრიკები, რომელთა საშუალებითაც ამ მიზნებს ვზომავთ და ამბიციური ხედვები, რომლითაც ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკას გავაძლიერებთ. ამდენად, ESG სტრატეგია და გრძელვადიან, მდგრად ბიზნესზე ორიენტაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც ფინანსური, ისე კერძო სექტორის განვითარებაში.
რამდენად მზარდია ESG & Sustainability მიმართულებაში “საქართველოს ბანკის” პორტფელის მოცულობა და რამდენად უწყობს ამ ზრდას ხელს მომხმარებელთა (ბიზნესის) ინფორმირებულობა გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ?
საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ერთის მხრივ უკავშირდება ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას მწვანე ინიციატივების, არა მხოლოდ გარემოზე ზიანის შემცირების, არამედ ფინანსური მომგებიანობის შესახებ, მეორეს მხრივ კი ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება გავზარდოთ მდგრადი დაფინანსების წილი ჩვენს პორტფელში და შევამციროთ რისკები. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას ამ მიმართულებით და იმ ფინანსური თუ სხვა სახის ხელშემწყობ ფაქტორებს, რომელთა საშუალებითაც გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მომხმარებლები და ხელი შევუწყოთ ბიზნესების მდგრად განვითარებას საქართველოში.
როგორ შეაფასებდით ქართულ საინვესტიციო გარემოს მწვანე ინვესტიციების მოსაზიდად და რამდენად უწყობს ამ ინვესტიციების ზრდას ქართული საფინანსო სექტორის ჩართულობა და მდგრადი დაფინანსების სისტემების განვითარება?
საქართველო ზოგადად ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის, მათ შორის მწვანე ინვესტიციებისთვის. ამას ხელს უწყობს არაერთი გარემოება, იქნება ეს გარემო პირობები, მარეგულირებელი ჩარჩო თუ ის ინსენტივები, რომლებიც ახალისებს ინვესტორებს, ქვეყანაში განახორციელონ მწვანე ინვესტიციები. ქართული საფინანსო სექტორი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ინვესტორებს, განახორციელონ მწვანე ინვესტიციები, რომელიც ხელს უწყობს როგორც მწვანე ეკონომიკის, ისე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
როგორ უწყობს “საქართველოს ბანკი” მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში ხელს კერძო სექტორს და, თქვენი შეფასებით, რა სარგებლის მოტანა შეუძლია მსგავს პოლიტიკას ბიზნესებისთვის?
საქართველოში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, მდგრადი დაფინანსება ჯერ კიდევ ახალია ბიზნესებისთვის, შესაბამისად, ამჟამად ჩვენი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლებისა და ფართო საზოგადოებისათვის მდგრადი პროდუქტების და ინიციატივების დადებითი მხარეებისა და ფინანსური მოგებიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გარკვეულ შემთხვევებში სხვადასხვა ინსენტივების შეთავაზებაა. ხშირია, როდესაც „ბიზნესის გამწვანებას“, იქნება ეს მზის პანელების დამონტაჟება, ძველი დანადგარების ახალი, ენერგოეფექტური დანადგარებით ჩანაცვლება თუ სხვა, ბიზნესი მხოლოდ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასთან პრიზმაში ხედავს. მაშინ, როდესაც თუკი ბიზნესს გათვლა გრძელვადიან პერსპექტივებზე აქვს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს ინიციატივები, გარემოზე ზრუნვის გარდა ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას, ან ზოგ შემთხვევაში, განულებასაც ნიშნავს.
ანა ოსაძეს “მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაზეც” ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს დაამტკიცა. დოკუმენტი კლასიფიკაციის სისტემას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობებს, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მწვანე, სოციალურ ან/და მდგრად სტატუსს ანიჭებს. მწვანე ტაქსონომია გარემოსდაცვით მიზნებს და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ “მდგრადი განვითარების ტაქსონომია” ქვეყანაში წინ გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მდგრადობისთვის.
როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის ჩართულობას მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებაში? რამდენად უწყობს ხელს მათი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ამ მიმართულების განვითარებას და რამდენად ეხმარება მარეგულირებელი ორგანო ფინანსურ სექტორს არსებული გამოწვევების დაძლევაში?
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი ტაქსონომია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მდგრადი ეკონომიკისა და მომავლისკენ და საქართველოს ბანკში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე დაფინანსება გავცეთ და შესაბამისი ანგარიშგება მოვახდინოთ ჩვენს მარეგულირებელთან. გარდა ამისა, 2025 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული „ESG სახელმძღვანელო“, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, მწვანე დაფინანსების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია უფრო სწრაფად მივიტანოთ მომხმარებლებამდე.
თავად როგორ ახდენთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს ოპერაციებში; რას აკეთებს “საქართველოს ბანკი” გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ?
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია, ბიზეს სტრატეგიის ნაწილია რაც იმას ნიშნავს, რომ ESG კრიტერიუმებს ვითვალისწინებთ როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომელებთან ურთიერთობის დროს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად გვაქვს დაზღვეული გარემოსა თუ საზოგადოებაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ნეგატიური ეფექტი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რისკების შემცირებასთან, კლიმატური ცვლილებების მიტიგაციასა და გაუმჯობესებულ სოციალურ მდგომარეობასთან.