პარასკევს, 20 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ბანკის ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარეს მელ კარვილს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო ქართული ბანკის სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შესვლა.
ფაშინიანი მიესალმა "საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) გადაწყვეტილებას სომხეთში საინვესტიციო საქმიანობის დაწყების შესახებ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს ბანკის ჯგუფის" შესვლა ქვეყნის ფინანსურ სექტორს ახალ კულტურას მოუტანს და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.
თავის მხრივ, მელ კარვილმა გაიზიარა ოპტიმისტური შეხედულება სომხეთის ფინანსური ბაზრისა და მთლიანად ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ. მან განსაკუთრებით აღნიშნა სომხეთის მონეტარული პოლიტიკის ბალანსი, რაც, მისი აზრით, ხელსაყრელ პირობებს ქმნის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის გამგეობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა გეგმებზე სომხეთში საქმიანობის განვითარების კუთხით.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მნიშვნელობას, გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა და რეფორმები განახორციელოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
ეს ვიზიტი და "საქართველოს ბანკის ჯგუფის" შემოსვლა სომხურ ბაზარზე, ეკონომისტების აზრით, შეიძლება ჩაითვალოს სომხეთსა და საქართველოს შორის ფინანსური კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯად, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის სომხური ეკონომიკის მზარდი მიმზიდველობის ინდიკატორად.
მანამდე BMG წერდა, რომ "საქართველოს ბანკის ჯგუფმა" (Bank of Georgia Group PLC) სომხეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, AmeriaBank-ი 303,6 მილიონ დოლარად შეიძინა.
AmeriaBank-ი რომლის აქტივები აღემატება 1 ტრილიონ სომხურ დრამს (2,5 მილიარდ დოლარზე მეტი), გააგრძელებს მუშაობას არსებულ მენეჯმენტთან ერთად, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდს და კორპორატიულ იდენტობას.