ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსის - FTSE 100-ის შემადგენლობის მორიგ გადახედვამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ რომ მაღალი ალბათობით შემდგომ გადახედვაზე ამ ინდექსს "საქართველოს ბანკის ჯგუფი", ანუ Lion Finance Group (BGEO) შეუერთდება.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ თუ Lion Finance-ის აქციების ფასი 105 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს, მისი მოხვედრა FTSE 100-ის ინდექსში გარდაუვალია. ბოლო სამ წელიწადში ბანკის ღირებულება გაოთხმაგდა და 4.3 მილიარდ ფუნტს მიაღწია. თუმცა, ამ ზრდის უკან მხოლოდ ქართული პორტფელი აღარ დგას. მას შემდეგ, რაც ჯგუფმა სახელი შეიცვალა და სომხეთის უმსხვილესი ბანკი, Ameriabank-ი შეიძინა, Lion Finance-ი რეგიონში წამყვან კერძო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
თავად არჩილ გაჩეჩილაძე, რომელიც FTSE 100-ის ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს, პროცესს მშვიდად უყურებს:
„ეს მოხდება მარტში, ივნისში თუ სექტემბერში, ამას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს,“ - აღნიშნა მან Investors’ Chronicle-თან საუბრისას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Lion Finance-ის, ანუ საქართველოს ბანკის ჯგუფის უახლესი წარმატებების ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც არჩილ გაჩეჩილაძემ ბანკის განვითარების სტრატეგია რადიკალურად შეცვალა. თუმცა, დასავლელი ინვესტორები თავიდან ამ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა დღეს ციფრები საპირისპიროს ამბობენ: ბანკის წმინდა საპროცენტო მარჟა 6.2%-ია, რაც ორჯერ აღემატება ბრიტანულ საშუალო მაჩვენებელს. კაპიტალზე უკუგება (ROTE) კი 27.9%-ს შეადგენს, რაც Lion Finance-ს ორჯერ უფრო მომგებიანს ხდის, ვიდრე Barclays-ია.
Lion Finance-ის მიერ Ameriabank-ის შეძენა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ეს არ იყო მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება – ეს იყო შესვლა ბაზარზე, რომელიც 2025-2026 წლებში მაღალი დინამიკით გამოირჩევა.
ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გახდა. „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტი, რომელიც რეგიონულ სატრანსპორტო დერეფნებს ხსნის, სომხეთის ეკონომიკისთვის ახალ სუნთქვას ნიშნავს. ეს პირდაპირ აისახება საბანკო სექტორზეც.
Investor's Chronicle-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ დღეისთვის Lion Finance-ის აქციონერთა შორის უმსხვილესი აქტივების მმართველები - JPMorgan-ი, Schroders-ი და M&G უკვე ფიგურირებენ, რასაც ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივების მმართველიც შეიძლება შეემატოს.






























