მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის შექმნილი პროდუქტი – ფაქტორინგი გააციფრულა

5f3f6a91d41b0
თამთა ჯიჯავაძე
21.08.20 10:31
1069
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის უფრო მეტად მოქნილი ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. კერძოდ, ბანკმა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტი – ფაქტორინგი გააციფრულა. თანამედროვე გამოწვევების ფონზე, დროის ფასი ყველაზე მეტადაა გაზრდილი. ადამიანებს მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატია და სისწრაფე იზიდავთ. განსაკუთრებით ეს ეხება ბიზნესს, სადაც კონკურენცია დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, ფაქტორინგის გაციფრულებით ეს პროდუქტი კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება.

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა და მას შემდეგ ავითარებს. ეს არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი, რომელიც არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია.

„2019 წლიდან ბანკმა დაიწყო მუშაობა ამ პროდუქტის გაციფრულების მიმართულებით და დღეს უკვე ბიზნესს ვთავაზობთ თითქმის სრულად ციფრულ გარემოს, რის შედეგადაც ბიზნესის წარმომადგენელს ამ მომსახურების მისაღებად მხოლოდ ერთხელ სჭირდება ბანკში ვიზიტი, ხელშეკრულების გასაფორმებლად“, – აღნიშნა ფაქტორინგის და ვაჭრობის ფინანსირების Product Owner-მა ლევან თეთრაძემ.

საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციები განახორციელოს ციფრულ ეკოსისტემაში, თვალი ადევნოს მთელს ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.

როგორც ბანკში ამბობენ, ამ სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. ასევე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას ციფრულად განახორციელებს.

„ყველა მიმდინარე ბიზნესს, რომელსაც ექნება სტაბილური ან კარგი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკი მიმწოდებლის როლში მას დაუმტკიცებს ფაქტორინგის ლიმიტს მოთხოვნის უფლებით, რომლის საფუძველზეც ბიზნესი ნებისმიერი დებიტორული დავალიანების დაფინანსებას შეძლებს“, – განმარტა ლევან თეთრაძემ და დასძინა, რომ ამ პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწით ის ელოდება ფაქტორინგის მიმართ ინტერესისა და მოთხოვნის ზრდას. მისივე თქმით, საბრუნავი კაპიტალის შესავსებად ბიზნესი პრიორიტეტს ანიჭებდა საკრედიტო ხაზს ან სესხს, რადგან ფაქტორინგის თითოეული ინვოისის დაფინანსებისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს უწევდათ საბუთების წარმოდგენა და ბანკში ვიზიტი, რაც ამ პროდუქტს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა. მისი გაციფრულებით კი ეს ტენდენცია შეიცვლება.

ამ ეტაპზე ზოგადად საქართველოში ეს პროდუქტი ბაზარზე ნაკლებად არის პოპულარული სხვა უკვე კარგად ნაცნობ სასესხო პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ ის ტენდენცია, რაც ბოლო წლებში შეიმჩნევა, იძლევა პროგნოზის შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ საკმაოდ დიდ ციფრებთან გვექნება საქმე.

პარალელურად, ბანკი დაიწყებს მუშაობას სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მიზნით, რომ კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფოსთან, ახორციელებენ მათთან პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურებას და შესაბამისად ქმნიან დებიტორულ დავალიანებას, მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. „ამ შემთხვევაში მოვიაზრებთ, რომ ყველა მცირე და საშუალო კომპანია იქნება უფრო ლიკვიდური და მოქნილი, რაც მათი წარმატების და განვითარების საფუძველი გახდება“, – განმარტა ლევან თეთრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები