საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ გაფიცვა მიმდინარე საპროტესტო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც საბანკო სექტორი რაიმე ფორმით უნდა შეუერთდეს, - ამის შესახებ ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა, მანამდე კი საბანკო სექტორს გაფიცვისკენ facebook გვერდიდანაც მოუწოდა.
"როდესაც გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მას ძალიან ბევრი, უამრავი ფორმა აქვს და ალბათ განმარტებაა საჭირო. როდესაც ვსაუბრობდი გაფიცვაზე, არ ვსაუბრობდი, რომ დაიკეტოს საბანკო სექტორი და მთლიანად გაჩერდეს ქართული ეკონომიკა, რაც დააზარალებს ბევრ ადამიანს. გაფიცვის ფორმებია, მაგალითად, გამაფრთხილებელი გაფიცვა, 2-საათიანი. 2 საათით რომ სრულიად საბანკო სექტორი გამოვიდეს, ან თუნდაც ერთი დღე რომ გამოაცხადონ საბანკო დასვენების დღედ, როგორც სოლიდარობად მიმდინარე პროცესებისადმი, ეს რამე პრობლემას შექმნის? რა თქმა უნდა, არა.
რა თქმა უნდა, გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც დღეს კინოსა და თეატრის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მცირე ბიზნესები არიან ჩართული და მათ აუცილებლად უნდა შეუერთდეს მსხვილი ბიზნესიც, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ეს წრე და ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ.
ვრჩები იმ აზრზე, რომ საბანკო სექტორი არის ყველაზე მოგებიანი, ყველაზე ფინანსურად მდგრადი, ძლიერი სექტორი და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაცილებით უფრო მეტი ენიჭებათ, ვიდრე სხვას. შენი სიძლიერე, ფინანსური მდგრადობა და გავლენა ცალკე არ არის, მას მოსდევს შესაბამისი პასუხისმგებლობაც", - აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე.
სებ-ის ექსპრეზიდენტი საქართველოს ორი სისტემური ბანკის, საქართველოს ბანკისა და თიბისის ერთობლივ ინიციატივასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარება, რომელიც მათ გამოჰყვეს, მისასალმებელია, თუმცა საკმარისი არ არის.
"ორი ძირითადი ბანკის ერთობლივი განცხადება და 5 მილიონ ლარიანი დახმარება ძალიან კარგია, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და არ არის საკმარისი. დღეს რა საფრთხეების წინაშეც დგას ქვეყანა, ამას ადეკვატური რეაგირება სჭირდება ყველას მხრიდან.
ვამბობთ, რომ კრიტიკული მედია პირველ ხაზზე იბრძვის, ფიზიკური ანგარიშსწორების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე, ადამიანებს იჭერენ, წამალს უდებენ, გვყავს 300-ზე მეტი ნაწამები ადამიანი, თეატრი გაფიცულია, კინო გაფიცულია, კორპორაციული ღონისძიებები უქმდება, ამ დროს გვყავს ყველაზე უფრო მოგებიანი ორი ბანკი, რომელთა ჯამური მოგებაც 3 მილიარდი ლარია და ძალიან დიდი გავლენა აქვს - თუკი ვინმემ უნდა აიღოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის საფრთხე საკუთარ თავზე, ამას ვითხოვთ სწორედ წამყვანი ბანკებისგან", - აცხადებს ქადაგიძე.
გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კერძო ბანკები FreeBusiness.ge პლატფორმასაც უნდა შეურთდნენ, რადგან ეს ხელისუფლებას აჩვენებს, რომ ბიზნესიც, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, უერთდება რიგითი ადამიანების მოთხოვნებს.
freebusiness.ge თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაა, რომლის ხელმომწერი კომპანიებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრს აფიქსირებენ და ხელისუფლებას ხელახალ არჩევნების ჩატარებისკენ და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. საერთო განცხადებას ამჟამად 1800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
"ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეუერთდეს ყველა freebusiness-ის განცხადებას. ეს შეერთება ის მინიმალური სტანდარტია, რითაც შენ ე.წ. ხელისუფლებას უჩვენებს, რომ ეს არ არის ცალკე მდგომი ხალხი, როცა ბანკის რიგითი თანამშრომლებიც ისე დგანან აქციაზე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, არამედ არის ბიზნესი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სახელისუფლებო ვერტიკალის და სახელმწიფოსი, იხდის გადასახადებს, ასაქმებს ადამიანებს და ამბობს, რომ ვიზიარებ მოთხოვნებს, არ მინდა ბელარუსში ცხოვრება და არ მინდა სანქცირებულ ჭაობში ამოვყო თავი", - აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე.
როგორც ფინანსისტთა ნაწილი ვარაუდობს, freebusiness-ს ბანკები ვერ შეუერთდებიან, რადგან ლონდონის ბირჟაზე დალისტულ ქართულ ბანკებს ევროპელი ინვესტორების დიდი სპექტრი ჰყავთ, ხოლო ისეთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, როგორიცაა "დაინიშნოს ახალი არჩევნები", როგორც წესი, არ ან ვერ ხდება.
გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ აქციონერებს, რომლებიც ქართული ბანკისგან მოგებასა და დივიდენდებს იღებენ, არ უნდა ჰქონდეთ პრობლემა, თუ იურიდიული პირი ევროპულ მომავალს მოითხოვს: "თქვენ ფიქრობთ, რომ რამე საბოდიშო გვექნება, თუ აქციონერთა შვილობილები მოითხოვენ დემოკრატიას, ევროპულ მომავალს, თავისუფალ სასამართლოს? ეს ხომ წარმოუდგენელია",- ამბობს ის.