საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკი „რუსული კანონის“ საბანკო სექტორზე გავლენასთან დაკავშირებით საჯაროდ პოზიციის შერბილებას ცდილობს. ამის შესახებ მან BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "რუსულ კანონს" საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალობასთან შეხება არ აქვს. თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, კანონი ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს.
გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის ასეთი პოზიცია იმას უკავშირდება, რომ სექტორი საერთაშორისო ნორმების მიმართ შედარებით მოწყვლადია. ის ასევე აღნიშნავს, რომ სექტორში ოლიგოპოლიური მდგომარეობაა, რასაც სებ-მა უნდა მიხედოს.
„უბრალოდ, იმის გამო, რომ საბანკო სექტორის არის უფრო მოწყვლადი საერთაშორისო ნორმებისადმი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ შეარბილოს ეს პოზიცია საჯაროდ. სინამდვილეში ეს [„რუსული კანონი“] შეეხება ყველას და ყველაფერს.
რაც შეეხება ქალბატონი თურნავას განცხადებას, მას ვურჩევდი, ის კატასტროფული ოლიგოპოლიური მდგომარეობა, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორში შეიქმნა, როდესაც ორი ბანკი მთელი ბაზრის 80%-ს აკონტროლებს და 35%-იან მოგების მარჟაზე გადიან, რაც ევროპული ბანკების მარჟებზე დაახლოებით 4-ჯერ მეტია, ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ არ არის კონკურენცია. თუ შევხედავთ საკომისიოებს, უცხოური ვალუტის ოპერაციებს, საპროცენტო განაკვეთებს, პრაქტიკულად ყველგან ვხედავთ 3-4-ჯერ უფრო მაღალ მარჟებს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებშია. ეს არის ეროვნული ბანკის მისახედი ამბავი დიდი ხანია, მაგრამ ცხადია ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს და არც გააკეთებს, სანამ მთლიანობაში არ შეიცვლება ქვეყანაში მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება.